მაიკლ სმიტის დედამ, ლინ სმიტმა, მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს, მალხაზ კობაურს ციხეში წერილი გაუგზავნა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განცხადა, ციხის სოციალურმა სამსახურმა კობაურს წერილი სულ რამდენიმე წინადადებით გააცნო და წაიღო.
„გუშინ გვქონდა შეხვედრა მალხაზ კობაურთან. მივიღეთ ინფორმაცია მისგან, რომ სმიტების ოჯახისგან გამოგზავნილი იყო წერილი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, კონკრეტულ კითხვებს, რომელიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მასთან გააჩნიათ. აღნიშნული წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა. სოციალურმა სამსახურმა კობაურს წერილი გააცნო და წაიღო. არადა, გზავნილი ადრესატთან უნდა დარჩენილიყო,“ – განცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მოცულობითი იყო. შესაბამისად, ისინი ეჭვობენ, რომ ციხის ადმინისტრაციას მისთვის წერილის სრული შინაარსი არ გაუცნია.
ცნობისთვის, 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე.
მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
„სოციალურმა სამსახურმა, წერილის წაღების მიზეზად ის დაასახელა, რომ წერილი სასამართლოში წარსადგენად სჭირდებოდათ. არადა, კობაურის საქმეზე, სასამართლო მართლმსაჯულება დასრულებულია და მას ვერც ვერაფერი დაემატება და ვერც ვერაფერი გამოაკლდება.
ჩვენ დავწერეთ ოფიციალური განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მას ჩვენც გავეცნოთ და მისი სრული შინაარსი გავიგოთ. როგორც თავად კობაურმა გადმოგვცა, საუბარია იმაზე, რომ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სმიტების ოჯახს კითხვის ნიშნები დარჩათ და პასუხების თხოვენ. ამის მეტს, კობაური ვერაფერს ამბობს წერილთან მიმართებაში. წერილი არ იყო მცირე მოცულობის, ეს არ იყო 1-2 გვერდიანი წერილი და იქ მეტი დეტალები უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.