რა უფლებები ექნება ახალ პრეზიდენტს?

{{ARTICLEIMAGE}}

16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.

1. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები


პრეზიდენტს უცვლელად უნარჩუნდება: კონსტიტუციური შეთანხმების დადების; კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების; შესაბამისი მიმართვის არსებობის შემთხვევაში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის (პრემიერის თანახელმოწერით); პარლამენტის სხდომისა და სესიის მოწვევის; ვეტოს; მსჯავრდებულთა შეწყალების; პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნის; მთავრობის ფორმირების უნარის არმქონე პარლამენტის დათხოვნის ფორმალური უფლებამოსილებები.

რაც შეეხება ცვლილებებს: უნდობლობის პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, დაეთხოვა პარლამენტი. ახალ კონსტიტუციურ რეალობაში ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღარ დაითხოვება. ასევე უქმდება სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივა, ამავე პროცესში ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი ახალი პრემიერის კანდიდატურას.

მცირდება პრეზიდენტის როლი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაში. მართალია, კონსტიტუციის წინა რედაქციით მისი ფუნქცია, უფლებამოხსნილი კაბინეტისთვის ახლის ნდობამდე დაეკისრებინა მთავრობის უფლებამოსილების შესრულება და პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარედგინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი, ფორმალური იყო, მაგრამ ახლა ამ პროცესიდან ის საერთოდ ქრება და მხოლოდ ნდობაგამოცხადებული პრემიერ- მინისტრის დანიშვნის კომპეტენციას ინარჩუნებს.

პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნისა და მათში მონაწილეობის მიღების უფლება.

პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა ამიერიდან არა თავად მისი, არამედ პარლამენტის უფლებამოსილება ხდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღე კი თავად კონსტიტუციამ გაითვალისწინა, ამიტომ პრეზიდენტი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ არჩევნები რიგგარეშეა, ან თუ საომარ, ან საგანგებო მდგომარეობას დაემთხვევა და ამ შემთხვევაშიც პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება. მას ამ მდგომარეობებისდასრულების შემდეგვე შეუძლია დანიშნოს პარლამენტის არჩევნები, ოღონდ თუ აქამდე თარიღს კონსტიტუცია პირდაპირ განუსაზღვრავდა, ახლა 15-დღიან დისკრეციას აძლევს.

ქვეყნის პირველ პირს უნარჩუნდება მოქალაქეობის საკითხების კანონის ფარგლებში გადაწყვეტის უფლებამოსილება (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ფორმულირება გაცილებით მკაფიოა, ვიდრე წინა); თუმცა თავშესაფრის მინიჭების კომპეტენცია მას აღარ ექნება.

მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური ორგანო აღარ იქნება, მაგრამ მისი მოწყობისა და მართვის უფლებამოსილება კვლავ ქვეყნის პირველი პირის ხელშია.

სახელმწიფოს მეთაურსვე უნარჩუნდება უმაღლესი სამხედრო და დიპლომატიური რანგების, სპეციალური და საპატიო წოდებების, სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების უფლებამოსილება. ამავდროულად ამ ჩამონათვალს სახელმწიფო პრემიები ემატება. ამათგან ბოლო სამი პრემიერის თანახელმოწერას არ საჭიროებს. თუმცა, თუ კონსტიტუციის მიხედვით ადრე ეს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება იყო, ახლა მოქმედების ფარგლებს მას პარლამენტი განუსაზღვრავს.

აქამდე პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს მიემართა პარლამენტისთვის, თუმცა ამიერიდან ეს უფლებამოსილება მხოლოდ ხალხის მიმართ უნარჩუნდება. სამაგიეროდ, ის კვლავ ვალდებულია, წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე წარდგეს მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

2. უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები

ახალი კონსტიტუციური მოდელით პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილება სამხედრო სფეროში ან მთავრობის წარდგინებაზე, ან პრემიერის თანახელ მოწერაზე ხდება დამოკიდებული.

მაგალითად, საომარ მდგომარეობას პრემიერ მინისტრის წარდგინებით აცხადებს, იმავე პროცედურით დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, მაშინ როცა ადრე ეს მისი ექსკლუზიური კომპეტენცია იყო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურაში თანახელმოწერას კაბინეტის ხელმძღვანელის წინასწარი წარდგინება ანაცვლებს.

ამგვარ მდგომარეობაში პირველი პირის ექსკლუზივი, გამოსცეს დეკრეტები, ახალი მოდელის მიხედვით, პრემიერ- მინისტრის წარდგინების პროცედურით იზღუდება. ამ მექანიზმით სახელმწიფოს მეთაურს კვლავ აქვს უფლება, შეზღუდოს ადამიანის რამდენიმე უფლება. ჩნდება მათგან ზოგიერთის შეჩერების მექანიზმი. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი კი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. ამიერიდან პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტითვე შეეძლება თავდაცვის ძალებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების გაერთიანება.

თავდაცვის ძალები პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად ორდინარულ ვითარებაში თავდაცვის მინისტრის, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობისა და ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის, ან ეპიდემიის დროს პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ. არც ერთ ამ ქმედებას პარლამენტში განხილვა არ სჭირდება, მაშინ როცა ადრე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეს საკითხი აუცილებლად უნდა გასულიყო.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, აქ იმავე გადაწყვეტილებას პრემიერ- მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად, რაც ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. იგივე პროცედურაა დადგენილი სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. ადრე ეს საკითხიც სრულად პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.

დაბოლოს, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ეროვნული თავდაცვის საბჭო ანაცვლებს. ის საომარი მდგომარეობის დროს იქმნება და მას საქართველოს პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. თავდაცვის ძალების რაოდენობას ახლა ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად პარლამენტს მთავრობა წარუდგენს. უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, დაამტკიცოს თავდაცვის ძალების სტრუქტურა.


3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლის უფლებამოსილებები

პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებებია: ზოგადი წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში; საერთაშორისო მოლაპარაკებები; საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება; დიპლომატიური წარმომადგენლების მიღება და აკრედიტაცია. ყველა ეს უფლებამოსილება მას მთავრობის თანხმობით მოჰყავს სისრულეში.

დებულებები, რომლებმაც ორგზის გამოიწვია დისკუსია უახლოეს წარსულში და რომლებიც ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა და გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის სახელით მიმართვას უკავშირდებოდა, კვლავ ბუნდოვანი რჩება და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ცხადია, რომ ქვეყნის პირველი პირი მთავრობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში ნაბიჯს ვერ გადადგამს, მაგრამ, სავარაუდოდ, მთავრობასთან კონკურენციის დროს თავად მასვე აქვს ამ კომპეტენციების განხორციელების პრივილეგია. სხვაგვარად რომ ითქვას, მთავრობის კომპეტენცია, დაბლოკოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო ინიციატივა, არ ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრში შევიდეს პრეზიდენტთან ქვეყნის ფიზიკურად წარმოდგენის ნაწილში.

წინა კონსტიტუციური რეგულირების მიხედვით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; იყო სამხედრო ხასიათისა; და ეხებოდა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას, საჭირო იყო პრეზიდენტის ხელმოწერა (და პრემიერის კონტრასიგნაცია). ახლა ამ პროცესს სახელმწიფოს მეთაური ჩამოშორდა.

4. კომპლექტაციის უფლებამოსილებები

ცალკე უნდა გამოიყოს საკადრო კომპეტენციები. ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, ის პირები ახდენენ გავლენას, რომელთა დანიშვნაშიც პრეზიდენტი მონაწილეობს.

უცვლელი რჩება: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის; მთავრობის წარდგინებით ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნა- გათავისუფლება; ასევე მთავრობის წარდგინებით პარლამენტისთვის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების განწესებაში მონაწილეობის უფლებამოსილებები.

ქვეყნის პირველი პირი ისევ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს, თუმცა ახლა ამ გადაწყვეტილებაში ის სუვერენულია, მაშინ როცა წინა კონსტიტუციურ მოდელში საქართველოს პარლამენტს შეეძლო, კანონით მისთვის განესაზღვრა წესი და სახელმწიფოს მეთაურისთვის გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების ფარგლები შეეზღუდა. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ვეღარ წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარის კანდიდატურებს.

სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში. აქ ახალი ფორმულირება გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმეში ბოლო სიტყვა პრეზიდენტზე გადადის, მაშინ როდესაც აქამდე მისი საქმე პროცესის ინიცირება იყო.

ახალი რედაქციის მიხედვით, კონსტიტუციაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა აღარ არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; მას აღარა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სხვა მხედართმთავრების დანიშვნის პროცესში.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ცალკეა განსახილველი პრეზიდენტის კომპეტენცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რადგან ის უფლებამოსილებები, რომლებიც აქ იჩენს თავს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტი აჩერებს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობას ან დაითხოვს მას, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; ხოლო პარლამენტის თანხმობა და პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებებს ან ზედიზედ ორჯერ ვერ დაამტკიცა ავტონომიის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ხელში პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო იღებს, თუმცა პრემიერის თანახელმოწერა აქაც საჭიროა.

პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისას მთავრობის წინასწარი თანხმობის ნაცვლად კონტრასიგნაცია სჭირდება. აჭარის მთავრობა სხვებთან ერთად პრეზიდენტთანაცაა ანგარიშვალდებული.

მთავრობას გადაეცა უფლებამოსილება, შეაჩეროს აჭარის მთავრობის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი. თუმცა პრეზიდენტს ენიჭება აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება (პრემიერის თანახელმოწერით).