როგორ ვირჩევთ პარფიუმს? მაგალითად, მაღაზიაში სპეციალურ ქაღალდზე სხვადასხვა სუნამოს ვასხამთ კონსულტანტთან ერთად და არომატებს ვსინჯავთ. თუ მოგვწონს, იქვე ვყიდულობთ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ეს ის არ არის, რაც გვინდოდა. რატომ ხდება ასე და რატომ უშვებს სუნამოს შერჩევისას შეცდომას ყოველი მეორე ქალი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სუნამოს სწორად შესარჩევად.
1. სუნამოს შესარჩევად ძირითადად სპეციალურ წვრილ ქაღალდებს ვიყენებთ. ვასხამთ მასზე სუნამოს, ვყნოსავთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. სინამდვილეში ქაღალდის ტესტერები იმისათვის არის, რომ მიხვდეთ, როგორი იქნება არომატი მას შემდეგ, რაც სუნი “გაიშლება“. საბოლოო შედეგს კი მოკლე დროში და ადგილზე, მაღაზიაში ვერ განსაზღვრავთ. ჯობს აიღოთ ქაღალდის რამდენიმე ტესტერი, წააწეროთ ზედ რა სუნამოს აპკურებთ და თან წამოიღოთ. ჩაიდეთ ქაღალდი ჯიბეში, ჩანთაში, და დააკვირდით, როგორი იქნება თქვენი რჩეული სუნამოს არომატი დროთა განმავლობაში. თუ შედეგმა დაგაკმაყოფილათ, შემდეგ უკვე ტესტი კანზე ჩაიტარეთ. პარფიუმს კანზე უფრო განსხვავებული სურნელი აქვს, ვიდრე ქაღალდზე, რადგან ჩვენს სხეულს გარკვეული ტემპერატურა აქვს, რომლის ზემოქმედებით არომატი უფრო ძლიერად და მკვეთრად იხსნება. თუ სუნამოს სხვაგვარად შეარჩევთ, დიდი ალბათობაა შეცდეთ და მოგვიანებით უკვე ნაყიდი სუნამოს სუნი არ მოგეწონოთ.
2. ბევრი თვლის, რომ ზაფხულობით მძიმე არომატების გამოყენება არ შეიძლება, ზამთარში კი მსუბუქის. არადა, ეს მოსაზრება მცდარია. წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხმაროთ სუნამო, რომელიც მოგწონთ. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მძიმე არომატებთან დაკავშირებით: როცა ქუჩაში + 30 გრადუსია, კანი უფრო სწრაფად ხურდება და ესეიგი პარფიუმის სუნიც უფრო ინტენსიურად იხსნება. ამის გამო მძიმე არომატების შლეიფის მოყვარულებმა ზომიერებას უნდა მოუხმონ და საყვარელი სუნამო მცირე რაოდენობით იპკურონ. გვერწმუნეთ, ქუჩის მაღალი ტემპერატურა და თქვენი კანი მცირე რაოდენობასაც გაამძაფრებენ.
3. ბევრი ფიქრობს, რომ კარგი სუნამო კარგი შეფუთვით იწყება. მაგრამ არის ბრენდები, რომლებიც არა გარეგნულ ატრიბუტებზე, არამედ შიგთავსზე არიან ორიენტირებული. რა თქმა უნდა, კარგი შეფუთვა შესანიშნავი მარკეტინგული სვლაა, რომელზეც ბევრი მომხმარებელი ეგება. თუმცა ბრწყინვალე ფლაკონი არ ნიშნავს, რომ შიგთავსიც ბრწყინვალე და ხარისხიანია. ექსპერტები, ვინც საავტორო პარფიუმის და მასობრივ ბაზარზე გათვლილი პარფიუმის მაღაზიების პროდუქტებს აანალიზებენ, ამბობენ, რომ ფორმა და შიგთავსი ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს. ხანდახან მშვენიერ ფლაკონში საშინელი არომატის სუნამო შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომაც სუნამოს შერჩევისას გარეგნული მხარით ნუ იმსჯელებთ.
4. ბევრი დარწმუნებულია, რომ არომატი წერტილოვნად მაჯებზე უნდა იპკუროს, შემდეგ მაჯები ერთმანეთს გაუსვას, ან წვეთები ყურს უკან შეიპკუროს, სადაც ვენა პულსირებს, რათა სუნამოს უფრო მკაფიო სუნი ჰქონდეს. ამას მყისიერი ეფექტისთვის აკეთებენ. თუმცა, პარფიუმი კარგად იხსნება, თუ მას არა კონკრეტულ წერტილებზე, არამედ თმაზე და სამოსზე ცოტა შორიდან მოიპკურებთ. მათ კი, ვინც წერტილოვან მიპკურებას ამჯობინებს პატარა საიდუმლოს გავუმხელთ: არომატს ძალიან კარგად ინახავს ხელთათმანი. თუ საყვარელ სუნამოს ამ აქსესუარზე მიაპკურებთ, ის დიდხანს შერჩება და მშვენიერ განწყობას შეგიქმნით.
5. სუნამოს კოლოფს ალბათ ცოტა ვინმე თუ ინახავს. როგორც წესი, მას გახსნისთანავე ვაგდებთ, თავად ფლაკონს კი სარკესთან, ან პარფიუმერიის მაგიდაზე ვდებთ. ეს დიდი შეცდომაა, რადგან დაუშვებელია სუნამოს მზის სხივები ხვდებოდეს. მზის შუქი არომატის კომპოზიციას ცვლის და ძლიერი გადახურების შემდეგ შესაძლოა საყვარელი არომატის გარეშე დარჩეთ. ჯობს სუნამო ყუთში შეინახოთ, რომელიც მას პირდაპირი მზის სხივებისგან დაიცავს და არომატს უცვლელად შეინარჩუნებთ. თუ ყუთში ჩადება არ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვენი სუნამოები ბნელ ადგილზე შეინახეთ. მაგალითად კარადაში ან უჯრაში. ქალის ჩანთაც არ არის ცუდი არჩევანი.
6. არ დაიჯეროთ, რომ ძვირფასი პარფიუმერიის არომატი აუცილებლად მდგრადი იქნება. ბევრი თვლის, რომ თუ ძვირფასი სუნამო იყიდა, მისი სუნი აუცილებლად დიდხანს შენარჩუნდება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. რატომ? არსებობს ნატურალური ზეთები და არსებობს სინთეტიკური, ანუ ალდეგიდები. ეს უკანასკნელი ქიმიური გზით არის მიღებული და ნატურალური, ბუნებრივი კომპონენტების შემცვლელად გამოიყენება. რაც მეტი ალდეგიდებია სუნამოში, მით უფრო დიდხანს ნარჩუნდება მისი სუნი. თუმცა არის ერთი არსებითი მინუსი – მისი სუნი მჭახეა და ნაკლებად დახვეწილი. ნატურალური ზეთები უფრო მსუბუქია, შესაბამისად, არომატების კომპოზიცია უფრო გარდამავალი და სასიამოვნოა. მაგალითად, ხილის ზეთები თავისთავად დადხანს არ ცოცხლობენ, თუნდაც ეს იყოს ძალიან ძვირიანი ზეთი. ვერცერთი სუნამოს სუნი, რომელიც ამ კომპონენტის საფუძველზეა დამზადებული 8 საათზე დიდხანს ვერ გაძლებს. და აქ ფასი არაფერ შუაშია. ასეთი პარფიუმი შესაძლოა ძალიან ძვირიც ღირდეს და ძალიან იაფიც.