ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი და შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მიინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.
„ოჯახს მივუსამძიმრეთ და აღვუთქვით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვახსოვდეს, ყველაფრით გვერდში ვედეგეთ ოჯახს, რასაც ვცდილობთ გავაკეთოთ და ყველანი გავაგრძელებთ, სადაც ვიქნებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას,ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა . შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ გვქნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ხომ რა იყო?! ქვეყნის გაერთიანება! მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომით და უბედურებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ „დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს“.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.