რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!
ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!“ – წერს ღარიბაშვილი.