პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომა ტყიბულში მიმდინარე მოვლენებით დაიწყო.
“ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში არის აბსოლიტურად მიუღებელი, თუმცა ეს ის პრობლემებია რაც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტრომა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია შეასრულოს როგორც საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები. მიუხედავად იმისა რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს”-განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს მაია ცქიტიშვილს ადგილზე ჩასვლა და პრობლემის დროულად გადაწყვეტა დაავალა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. მეშახტეების ნაწილი პროტესტის გამო შახტშია და იქედან ამოსვლაზე უარს აცხადებს.