{{ARTICLEIMAGE}}9 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები ტურნირზე ძლიერი მოწინააღმდეგით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.
„2019 წელს „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ არატრადიციულად იწყება, რადგან პირველი მატჩი რუმინეთთან გვიწევს. პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია და მეტ ყურადღებას მოითხოვს. არ იქნება მარტივი შეხვედრა. რუმინეთის ნაკრები ძალისმიერ რაგბის თამაშობს, თან საკმაოდ მორბენალი და სწრაფი ხაზი ჰყავთ. ჩვენც კარგად მოვემზადეთ. გუნდში არიან დებიუტანტები. მათი შემოდინება ნაკრებში უმტკივნეულოდ ხდება. ახალგაზრდები კარგად არიან გაწვრთნილები და კარგი უნარ-ჩვევები აქვთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
„ძალიან რთული მატჩი გვექნება. რუმინელებმა „რაგბი ევროპაზე“ მხოლოდ საქართველოსთან სათამაშოდ „ტოპ 14“-ში მოასპარეზე თითქმის ყველა ლეგიონერი გამოიძახეს. აქედან გამომდინარე მათი მიზანი მხოლოდ მოგებაა. გუნდი ორი კვირაა ემზადება და კარგი შეკრება გამოგვივიდა. შერკინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. გახსოვთ ორი წლის წინ სწორედ შერკინებაში გაგვიჭირდა და თამაში წავაგეთ. ამ ეტაპზე კარგად ვართ მზად და წარმატების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლევან ჩილაჩავამ.














