რაგბის კავშირში ხმაურიანი არჩევნებისთვის ემზადებიან

რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. არჩევნები 30 იანვარს გაიმართება და სავარაუდოდ საკმაოდ დაძაბული იქნება.ამჟამინდელი პრეზიდენტის, გოჩა სვანაძის და მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორის, ბაჩო ხურციძის გარდა  პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი აბუსერიძეც მიიღებს მონაწილეობას. აბუსერიძე რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანია და 2012 წლიდან ქართული ოცნების წევრია. ის ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის პირველად არ იბრძვის. მან  რაგბში პრეზიდენტის რანგში მოსვლა 4 წლის წინაც სცადა. თუმცა მაშინ კანდიდატურა მოხსნა, რადგან რაგბის გამგეობამ გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნებში ჩარევას გარე ძალები ცდილობდნენ. კერძოდ, იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი აბუსერიძის უკან ვიცე პრემიერი კალაძე იდგა, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აბუსერიძის სასარგებლოდ რაგბის იმ დროინდელ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს კანდიდატურის მოხსნა სთხოვა.

2014 წლის არჩევნების დროს კანდიდატურა ირაკლი აბუსერიძესთან ერთად მოხსნა გია ნიჟარაძემაც. რაგბის გამგეობის თავჯდომარე მაშინ გოჩა სვენიძე იყო. ის დღეს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტია და 2020 წლის არჩევნებშიც იღებს მონაწილობას.

საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი ბესიკ დონაძე რაგბის კავშირის არჩევნებს დააკვირდება. ის ფიქრობს, რომ 2020 წლის იანვარის ბოლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ერთმანეთს კახა კალაძისა და სუს-ის კლანი დაუპირისპირდება.

კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, ბაჩო ხურციძეა. ის საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორია. მან თანამდებობა გასული წლის შემოდგომას დატოვა და თვლის, რომ საკუთარი მიღწევების გამო რაგბის კავშირის პრეზიდენტის ტიტულს სწორედ ის იმსახურებს და უარყოფს ინფორმაციას, რომ მას ზურგს სუს-ი უმაგრებს.