ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვას, რომელშიც ის საუბრობს, რატომ არ უჭერს გირჩი მხარს მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს, მწერალ ლაშა ბუღაძის ყურადღება მიიპყრო, თუმცა არა იმდენად შინაარსის, არამედ იმ ატრიბუტიკის გამო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის უკან კედელზე კიდია. ზურა ჯაფარიძის მიმართვა გირჩის მიერ გახსნილ საროსკიპოშია ჩაწერილი, სადაც კედელზე საბჭოთა კავშირის დროშა ნამგალი და უროს გამოსახულებით, ასევე სექს–აქსესუარები კიდია და კადრშიც ფონად მოჩანს.
“ეს ადამიანი აქ ძალადობრივი სისტემის შესახებ გამოთქვამს თავის აზრს მთაწმინდის არჩევნების კონტექსტში, რაც შესაძლოა ვიღაცისთვის საკამათო იყოს, ვიღაცისთვის არა, მაგრამ ამ შემთხევაში არა თემა, არამედ სიმბოლოა მნიშვნელოვანი – ზურგს უკან მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძალადობრივი სისტემის “ხატება” – ბოლშევიკების წითელი დროშა უკიდია თავისი ნამგალით და უროთი, რომლის ფრიალის ფონზეც მილიონობით ადამიანი გააქრეს და მოკლეს სსრკ-ს გულაგებში. მათ შორის, აქტუალურ მთაწმინდაზე, ინგოროყვას 22-ში (ყოფილ ძერჟინსკის ქუჩაზე), სადაც წესით მუზეუმი უნდა იყოს გახსნილი, რომელიც ისტორიის ფეხებზე დამკიდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რა სისხლიანი კოშმარი ტრიალებდა ხსენებული წითელი ალმის ქვეშ. პუტინის საამებლად დღესაც ამავე დროშას აფრიალებენ ნეოსტალინურ-ოლიგარქიული რუსეთის ეპიცენტრში – წითელ მოედანზე და პროპაგანდისტულ-პუტინისტურ “9 მაისებზე”. მსგავსი წარმატებით შეგვიძლია გამოვიკიდოთ მესამე რაიხის ნაცისტური “სვასტიკა”, თუკი ვფიქრობთ, რომ სიმბოლოებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ან სულ მცირე, ძალადობაზე მაინც არ ვისაუბროთ, თუკი სტალინის დროშით კეკლუცობის ჟინს ვერ ვძლევთ ჩვენში.“– წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქ გვერდზე.
“წითელი დროშის დედაც, შავი ინსტრუმენტალი რომ ეკიდა ჩემს უკან, ფონზე, იმით რამდენი ხალხია ნაწამები, ეგ არ იცის ეტყობა ლაშამ“–ასე უპასუხა ბუღაძის სტატუსს ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.