„თუ ჩვენს მიერ გამოგზავნილ ანგარიშის ნომერზე 3 დღეში 500 ბიტკოინი არ აისახება, დავიწყებთ ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელსაც გულმოდგინედ უფრთხილდებოდით“, ამ შინაარსის მუქარის წერილის მიღების შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა Facebook-ზე დაწერა. მუქარის წერილი “ტვ პირველის” გარდა სხვა მედიასაშუალებებმაც მიიღეს : მთავარი არხი, ტელეკომპანია “იმედი”, ტელეკომპანია “აჭარა”, ტელეკომპანია “ქვემოქართლი”, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ა.შ.
გთავაზობთ ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის სტატუსს:
,,რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს.
კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას,” – წერს ვატო წერეთელი.