რას გამოიწვევს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა

{{ARTICLEIMAGE}}

არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის ისედაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. წერილის ავტორები თბილისის მერს სთავზობენ, გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც ვაკის პარკში მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის თქმის სამართლებრივი არგუმენტები შეთანხმდება.


რატომ არ შეიძლება ვაკის პარკში სასტუმროს აშენება, – ამ საკითხის შესახებ საუბრობს, ქალაქმგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე. მისი განმარტებით, ყველა ქალაქს პარკი, სარეკრეაციო სივრცეები სჭირდება იმისთვის, რომ იქ ცხოვრება იყოს გაწონასწორებული. ვაკის პარკი კი მისი შეფასებით, საქალაქო პარკია. ბაქრაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს კანონდარღვევით მოიპოვეს და უგულავამ თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი და სივრცითი მოწყობის კანონი დაარღვია.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.

ამის შესახებ კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ 18 იანვარს განაცხადა.

“ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“.


როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

“თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა “მწვანე ალტერნატივა”.

თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას 2013 წლის ნებართვა გაუგრძელდა და ახალი ნებართვის მიღება არ სჭირდებათ.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეხვდებიან მერიას და იმ ჯგუფს, ვინც წინააღმდეგი იყო მშენებლობის და ამის შემდეგ გააგრძელებენ სამშენებლო სამუშაოებს.