საგარეო საქმეთა სამინისტრო “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” დაფუძნების დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმება. საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 2018 წლის მაისში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა.
უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო უწყებები ბოლო წელია, აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით; ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას. დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; განათლება, მეცნიერება და კულტურა. დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა, უახლოეს ხანში, პარიზში გაიმართება. “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით , თბილისსა და პარიზში ჩატარდება. დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.ქართულ-ფრანგული დიალოგი ატარებს 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული უცხოური ლეგიონის ქართველი ოფიცრის დიმიტრი ამილახვარის სახელს.
19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” დაარსების შესახებ.














