20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ აქციის დარბევისას დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი კომაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოჯახი დარბევის შემდეგ სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გრიგორიანებს ბოლოს ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ კომაში მყოფი დავით გრიგორიანი რეგიონულ ჰოსპიტალშია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის სიკვდილს ებრძოდა.
დავით გრიგორიანს ტყვია თავში აქვს ნასროლი, ტყვიამ თავის ქალი ჩაამსხვრია და ტვინი დააზიანა. ძვლის ფრაგმენტები ტვინის არეში გაიფანტა, რამაც მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმა.
სასიკვდილოდ დაჭრილი პაციენტის შესახებ ოჯახს მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც გრიგორიანს ოპერაცია გაუკეთდა და ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ინფორმაცია განზრახ დამალეს, რადგან მრავალათასიანი აქციების ფონზე, ქუჩაში გამოსულ ხალხს არ სცოდნოდა, რომ აქციების ერთ-ერთ მონაწილეს თავში მიბჯენით ესროლეს.
„კურიერმა“ გაარკვია, რომ პირი, რომელმაც ოჯახის წევრებს დავით გრიგორიანის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკი აუკრძალა, ალექსანდრე სიყმაშვილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ის პაციენტ გრიგორიანის მეზობლად ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი ზარებს არ პასუხობს. მის საცხოვრებელ სახლში მისვლის შემდეგ კი მისმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ხელისუფლებას მძიმედ დაშავებული პაციენტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა და არჩილ თალაკვაძის ძმა პირადად აკონტროლებდა რეანიმაციულ განყოფილებასთან, ვინ და რა მიზნით მოინახულა პაციენტი.
კომაში მყოფი მამის ზუსტი დიაგნოზი შვილმა ამ დრომდე არ იცის. არ აძლევენ სამედიცნო დოკუმენტაციას და ვერც იმას ეუბნებიან, რომელი ტყვიით გაუხვრიტა სპეცრაზმმა თავის ქალა აქციის 46 წლის მონაწილეს.
საავადმყოფო კი, სადაც ახლა დავით გრიგორიანი წევს, ყველა ინფორმაციას მალავს. კლინიკის ადმინისტრაცია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დაშავებული მამაკაცი ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორც 9 დღის წინ და მკურნალობამ ჯერ შედეგი ვერ გამოიღო.
დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სომხეთის საელჩოც დაინტერესდა, რომელსაც სრული ინფორმაცია დაუმალეს და რეგიონულ ჰოსპიტალში კომაში მყოფ პაციენტზე უთხრეს, რომ კარგადაა.
საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ, ოპერაციის მიმდინარეობისას ჭრილობაში ტყვია ვერ ნახეს. ესროლეს თუ არა აქციის მონაწილეს ტყვია მიბჯენით, პასუხის ამ მთავარ კითხვას ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ტყვიის სროლის ტრაექტორიის დადგენა, მკურნალი ექიმების კომპეტენციაში არ შედის.
ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექსპერტიზა ჯერ არ დანიშნულა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სასწრაფოდ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები უნდა ჩაერთონ.