თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენატარების კრიტიკული განცხადებები ზედაპირულია.
მისი თქმით, მათთან ბევრი შეხვედრა გამართა ,,ქართულმა ოცნებამ” და ევროპარლამენტარებს ჰქონდათ არასწორი და ცალმხრივი ინფორმაცია.
,,ნაბიჯების გადადგმას რაც შეეხება, ეს არის უფრო ხშირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან [ევროპარლამენტარებთან]. იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანებს ბევრ საკითხში ჰქონდათ არასწორი ინფორმაციები, ცალმხრივად მიღებული ინფორმაციები, რაც ძალიან ცუდია”,- ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაცია ჩავარდა. მიზეზი ,,ქართული ოცნების” მხრიდან იმ შესწორებების უგულებელყოფა გახდა, რომელიც ევროპარლამენტარებმა დეკლარაციაში შეიტანეს.
დეკლარაციის ჩაგდებას მწვავე კრიტიკა მოყვა ათობით ევროპარლამენტარის მხრიდან.