საგამოძებო ფილმები, რომლებსაც „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდია “მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ, “რუსთავი 2-ის” ეთერში აღარ გავა.
როგორც მედიაჩეკერი წერს, ბოლო ფილმი, “თავისუფლების მონიტორმა” მოამზადა და მაუწყებელში გაგზავნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებას და ბიზნესებს ეხება, თუმცა, გასულ შაბათს ფილმი ეთერში აღარ გავიდა.
როგორც მედიაჩეკერი წერს, ტელეკომპანიაში საგამოძიებო ფილმების არგაშვების მიზეზად “რუსთავი 2” კონტრაქტის დასრულებას ასახელებს. ბოლო საგამოძიებო 24-ე ფილმი ეთერში 2019 წლის 18 იანვარს გავიდა, რითაც კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობა ამოიწურა.
“მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა კითხვის ნიშნები, გაგრძელდებოდა თუ არა რუსთავი 2-ზე გადაცემა თავისუფლების მონიტორი, რადიო თავისუფლება მზად იყო ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავის მხრივ, საგამოძიებო ფილმი მოამზადა სტუდია მონიტორმაც და ფილმის გასვლამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათს, 29 იანვარს, ტელევიზიას ფილმის სამუშაო ვერსია გაუგზავნა. ფილმი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს შეეხებოდა. საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე რადიო თავისუფლებამ სწორედ ამ დროს მიიღო”, – ამბობს რადიო თავისუფლების მმართველი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი.
ფილმები “რუსთავი 2-ის” ეთერში სტაბილურად გადიოდა იქამდე, ვიდრე არხის მფლობელები შეიცვლებოდნენ.