“რატომ არ არის ჩვენს გვერდით ტელეკომპანია კავკასია?”-ჟურნალისტის შეკითხვა ბახტაძეს

ყოფილ პრემიერ-მინისტ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ტელეკომპანია “კავკასია” არ მიიწვიეს.

“რატომ არ არის ჩვენს გვერდით ტელეკომპანია “კავკასია”, რომელსაც აქვს ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზია?”- ეს შეკითხვა მამუკა ბახტაძეს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტმა თამარ ჩიხლაძემ დაუსვა.

ბახტაძის განცხადებით, ის საქმის კურსში არ არის რატომ არ მოიწვიეს “კავკასიას” წარმომადგენელი სხვა მედიასაშუალებებთან ერთად.

“მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ რატომ არ არის კავკასია  მოწვეული? მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩემი პრემიერ მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში მე თითოეულ მედიასთან თანაბრად მქონდა კომუნიკაცია და ძალიან ინტენსიური”-პასუხობს ბახტაძე.

ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ადასტურებს,  რომ კავკასია ეროვნული მაუწყებელია და ამას მოწმობს კომუკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის დოკუმენტი.

“მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე, თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ, პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ”-აცხადებს ჯანგირაშვილი.