რატომ არ დგას ქვეყანა პროდუქტების დეფიციტის რისკის წინაშე? ამ კითხვაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან რითეილ სექტორის შეხვედრის შემდეგ სურსათის არსებულ მარაგებზე ისაუბრა.
როგორც სოსო ფხაკაძემ განმარტავს, ამისთვის ძალიან ბევრი მოცემულობა არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მდგომარეობას აკონტროლებს.
„ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჩვენ მთავრობასთან ერთად შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ყველა ქსელი და ხვალიდან მათ დაემატებათ დისტრიბუტორები და ჩვენი მთავარი მიზანია სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე.
არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი. გავაკეთე ძალიან კარგი დასკვნა და ანალიზი, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში ის მარაგები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთლიანად საქართველოში, არის საკმარისი მინიმუმ 2-3 თვე.
რაც შეეხება ლოგისტიკურ ხაზებს – დღესაც ბევრი კონტეინერი არის გზაში და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან, ან მალე მოუახლოვდებიან ჩვენს ქვეყანას, ასე რომ ესეც მინდა იცოდეთ – წყვეტა აქაც არ არის.
მესამე – თუ თეორიულად რომელიმე ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყანა იცით, რომ იმპორტზეა დამოკიდებული, მოწოდების არხები სხვადასხვა მიზეზით გადაიკეტება, ხელისუფლება მზად არის ერთობლივი ძალისხმევით, რაც არ უნდა დაჯდეს, ის ძირითადი პროდუქტები, რაც აუციელებელია ჩვენი მოსახლეობისათვის ყოველდღიური საჭიროებისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, იყოს სუპერმარკეტების დახლებზე“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.