სწორად იკვებებით, სპორტდარბაზში დადიხართ, მაგრამ კილოგრამები არ გაკლდებათ? ხშირად ხდება ასე. აი, რამდენიმე მიზეზი, რატომაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად წონაში დაკლება გიჭირთ.
1. თქვენ კვების არასწორი გეგმა შეარჩიეთ
ყველა ადამიანი განსხვავებულია, ისევე როგორც მათი მოთხოვნილებები. შესაძლოა ერთი დიეტა სხვისთვის ეფექტური იყოს, თქვენთვის არა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, დაწყებული სისხლის ჯგუფიდან, დამთავრებული თქვენი ჰორმონალური ფონით და ინდივიდუალური მეტაბოლიზმით. მიდით კარგ დიეტოლოგთან ან რამდენიმე ვარიანტი მოსინჯეთ. ამის შემდეგ მიხვდებით, რა ტიპის კვებაა თქვენთვის უფრო ეფექტური.
2. მეტისმეტად დიდი პორციები
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი კვება, არამედ მოზომილი კვებაც. შესაძლოა გაუცხიმოვნებული იოგურთი ნაკლებკალორიულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ლიტრობით დალიოთ. ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც ჭამთ და მალე აღმოაჩენთ, სად იმალება ზედმეტი კალორიები, რომლებიც ხელს გიშლით წონის დაკლებაში.
3. ნაკლები აქტივობა
სპორტი კარგია. მაგრამ თუ კვირაში რამდენჯერმე სპორტდარბაზში ვარჯიშობთ, დანარჩენ დროს კი მანქანაში, ოფისში, დივანზე გაუნძრევლად ატარებთ შედეგი არ გექნებათ. ხშირად იარეთ ფეხით, ირბინეთ, ადით კიბეზე.
4. ძილის ნაკლებობა
ძილი ყველაფერთან ერთად მეტაბოლიზმზეც მოქმედებს. ამიტომ დღეღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა გეძინოთ. წონის დაკლების პროცესში ძილის დარეგულირება მნიშვნელოვანია.
5. პლატოს მიაღწიეთ
ეს ნორმალურია. ხშირად ხდება, რომ წონა ერთ ადგილზე ჩერდება და შესაძლოა ერთი თვე ვერაფერი დაიკლოთ. თუმცა ამის ნუ შეგეშინდებათ. თუ ყველაფერს დანარჩენს სწორად აკეთებთ, პროცესი აუცილებლად დაიძვრება ადგილიდან და წონის კლებაც გაგრძელდება.