წიწვოვნებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ გარემოს მდგრადობაში, ჟანგბადის გამომუშავებისა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების თვალსაზრისით. უმნიშვნელოვანესია კურორტოლოგიური და რეკრეაციული თვალსაზრისითაც. საქართველოს ბევრი გამაჯანსაღებელი კურორტის არსებობა განპირობებულია სწორედაც რომ წიწვოვანი ტყეების არსებობით.საახალწლო ნაძვის ხეებად გამოსაყენებელი მცენარეები(ზომით) არიან ნაძვისა და სოჭის ახალგაზრდა ხეები, რომლებმაც გადალახეს რთული პირობები, გაუძლეს ბუნებრივ სელექციას და წარმოადგენენ მომავალში ტყის არსებობის გარანტიას.
თუ საახალწლოდ უპირატესობას მაინცდამაინც ცოცხალ ნაძვს ანიჭებთ, ასეთ შემთხვევაში უნდა შეიძინოთ სანერგეებსა და პლანტაციებში სპეციალურად საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყვანილი მცენარეები, რომლებსაც ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი ცნობა ან/და სერტიფიკატი. უმჯობესია, თუ მცენარეს დაფესვიანებულს, ქოთნით შეიძენთ და დღესასწაულის დასრულების შემდგომ ბუნებას დაუბრუნებთ, ან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგილამაზებთ დღესასწაულს.
გარდა ამისა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან, თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.