რუსთავი2–ის ინფორმაციით სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.
ლეჟავამ საბჭოთა სპეცსამსახურებში 17 წელი იმუშავა. ქვეყნის მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს განმარტებებს – რატომ გააკეთა არჩევანი, საბჭოთა უშიშროების კადრზე.
ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს „კურიერმა“ დღეს დილით დაუსვა, თუმცა პრეზიდენტი გაიქცა და კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ექსპერტებმა დაზუსტებით იციან, რომ ლეჟავა საბჭოთა უშიშროების სამსახურში 1983 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა. ეს ინფორმაცია საარქივო მასალებითაც დასტურდება. 1994–96 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში. 1996–98 1998 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ლეჟავას შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის ბოლოს 2015 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეკრებაზე აქტივისტის სტატუსით ნახეს.
კომენტარს ჯერჯერობით არც პრეზიდენტის პრესსამსახური აკეთებს. ლეჟავას დანიშვნა ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა 16 აგვისტოს ის მონაწილეობდა თავდაცვის აკადემიაში 93 ლეიტენანტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალში, სადაც პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა.
КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს – პრეზიდენტის მრჩევლად საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფიცრის დანიშვნას, უკვე მოჰყვა სამხედრო ექსპერტების პროტესტი. მათ ზურაბიშვილის ამ ნაბიჯის ახსნა უჭირთ. ”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პაატა გიგაური ამბობს,რომ ქვეყანაში საჭირო კადრების დეფიციტი არ არის. მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროს ბევრი ექსპერტი არსებობს, რომელთაც განათლება და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დასავლეთში აქვთ მიღებული.