საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “რუსთავი 2-ის” შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანიის დასასრულის დასაწყისი ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო. ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გამოუცხადა საპატრიარქომ ერთი წლის წინ “რუსთავი 2-ს” ბოიკოტი. მისი განცხადებით, ბოიკოტის მიზეზი საპატრიარქოს მიმართ წარმოებული კამპანიაა ტელეკომპანიის მხრიდან. ჯაღმაიძე ასევე ფიქრობს, რომ ტელევიზია ცდილობს პრობლემები შეუქმნას ქვეყანას იმისთვის რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. ბოიკოტი კი საპატრიარქომ ტელეკომპანიას ღვთისმშობლის მკრეხელური მოხსენიების გამო გამოუცხადა.
“დაახლოვებით ერთი წლის წინ რუსთავი2 -ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა.
დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა.
უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები.
საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.
შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ რ2-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა.
საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის, გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო”-წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.