ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმე განიხილება. მეორე ინსტანციის სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, გაიზიარებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას გირაო აქვს დაწესებული.
პროკურორი მელიასთვის პატიმრობას ითხოვს, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, არსებობს რეალური საფრთხე,რომ ბრალდებული მელია მოახდენს ზეგავლენას მოწმეებზე და შევა მათთან ფარულ გარიგებაში ასევე, ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
“ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იქნას პატიმრობა, გასათვალისწინებულია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მასზედ რომ შეეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს,რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.
შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე,რომ ბრალდებული მოახდენს ზეგავლენას, შევა მათთან ფარულ გარიგებაში,რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და ფლობენ ინფორმაციას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, არიან მისი მხარდამჭერებიც.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს მათთან ფარულ გარიგებაში შესვლას და მატ დაყოლიებას არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება, აღნიშნული ქმედებით, ნიკანორ მელია ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს,“-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას მოსამართლის განჩინებით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.
მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.