ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ეთერში დაბრუნდა. მთავარი არხის ეთერში ის ამიერიდან ყოველ კვირას გადაცემა პოსტფაქტუმს წაიყვანს. გადაცემას ის გუნდი ამზადებს, რომელიც რუსთავი2–ზე გადაცემა პოსკრიპტუმზე მუშაობდა, თუმცა არხი დატოვა მას შემდეგ, რაც მისი მფლობელი შეიცვალა. გიორგი გაბუნია ეთერიდან ჯერ კიდევ რუსთავი2–ში დრამატული ცვლილებების დაწყებამდე მოხსნეს იმის გამო, რომ მან საკუთარი გადაცემის შესავალ ტექსტში რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე აგინა. არხის ხელმძღვანელობამ მაშინ ჩათვალა, რომ მისი გამოხატვის ეს ფორმა არაეთიკური იყო და ეთერს ორი თვით ჩამოაშორა. საბოლოოდ კი გიორგი გაბუნიას რუსთავი2–ის ეთერის ნაცვლად ახალი არხის ეთერში მოუწია დაბრუნება. გადაცემის შესავალი ტექსტი ამჯერად იმ სკანდალურ გადაცემაზე საუბრით დაიწყო:
“მთავარი შეკითხვა რომელსაც ადამიანები მისვამდნენ ამ ხნის მანძილზე იყო ეს: რატომ ვაგინე უშვერი სიტყვებით პუტინს. ჯერ ერთი მე არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ამას აკეთებს ყველა, თავის სივრცეში. ჩემი სივრცე აი, ეს არის. მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს ჩემი სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად, მისსავე ენაზე, და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა.
ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, რომელიც მე ვიტყოდი ფეხის გულებს ულოკავს ოკუპანტს და იგივესკენ მოუწოდებს ქართველებს.ხელისუფლება, რომელსაც თვითონ ეშინია და აშინებს ხალხსაც, თითქოს ერთი წამყვანის ერთი კომენტარით შეიძლება ომი დაიწყოს, დაგვბომბონ და მიწასთან გაგვასწორონ.
უნდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მართლა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს და მზად არიან საკუთარი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება გაცვალონ მონურ დუმილში და ხმის ამოუღებლად უყურონ იმას, თუ როგორ იპყრობს ნელნელა რუსეთის მავთულხლართები ჩვენს მიწას.“–თქვა გაბუნიამ.