ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ აზარტულ გათამაშებაში 2019 წლის „პორშე კაიმანი“ მოიგო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი პირის ამბავი მოგებიდან რამდენიმე წუთში მთელ ქვეყანას მოედო და სოციალურ ქსელში აქტუალური განხილვის საგანი გახდა.
დავით მხეიძე ამბობს, რომ აზარტული თამაშებით თავად ნაკლებად, უფრო მეტად მისი დისშვილები არიან გატაცებულები. ამბობს, რომ ამგვარი გართობის მომხრე არ არის, თუმცა ახალგაზრდებს არ უშლის და იშვიათად თავადაც ირთობს თავს. უხერხულობას კი, როგორც მაღალჩინოსანი, ამით არ გრძნობს, მას კანონი თამაშს არ უკრძალავს.
მერმა გადაწყვიტა, რომ ის გაყიდოს და ვალები გაისტუმროს. მაღალჩინოსანი პირობას დებს, რომ მოგებულს მხოლოდ თავად არ მოიხმარს და ახლობლებსაც გაუნაწილებს.
„არც მაგის დრო მაქვს და არც სურვილი. დამოკიდებულიც არ ვყოფილვარ. ჩემი სახელით დისშვილებმა შექმნეს გვერდი, ერთ საღამოს, როცა ვისვენებდი, ორი ხუთლარიანი ბილეთი დავწერე, ამას არ ვმალავ“,- განმარტავს ამბროლაურის მერი.
დღეს ამბროლაურში მერის მოგების შესახებ საუბრობდა ყველა. რაჭველების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. მერის აზარტული თამაშებით გატაცების შესახებ არ იცოდნენ მხარის გუბერნატორმა და ადგილობრივი საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა. დავით მხეიძე, როგორც ჩინოვნიკი, რომელიც აზარტულ თამაშებში იღებს მონაწილეობას, გააკრიტიკეს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელე აზარტულ თამაშებში არ უნდა იყოს ჩართული.