ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის გასაჩივრებას აპირებს.
„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა.მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.