გაეროს გენერალური ასამბლეის 74ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ინიციატორი შვეიცარია იყო, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების გამო საქართველოში რუსეთის, ხოლო რუსეთში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.
შეხვედრის შესახებ პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, რომელიც აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე აქტუალური, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა.