2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მათ მუშებს ხელფასის 25%-იანი მატება შესთავაზეს,რაზეც უარი მიიღეს.
კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.
„ გაფიცვით, დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა. იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.