შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში წიწვოვანი ხეები იწვის – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათი თქმით, ძლიერი დაკვამლიანების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.
“შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე,” – აცხადებენ უწყებაში.