რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 13 პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოქოძის განცხადებით, გუშინ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან გადაყვანილ 13 პაციენტს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება.

მისი თქმით, დღეს მარინა ეზუგბაია მათ გასინჯავს და გადაწყდება, რამდენი დატოვებს საკარანტინე ზონას და რამდენი დარჩება დაკვირვების ქვეშ.

,,კარანტინის წესები მოითხოვს მაინც რომ იყვნენ იზოლირებულნი და დაკვირვების ქვეშ. ამას თავის წესები აქვს საკარანტინო, ამიტომ ეს პაციენტები შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში . ღამის განმავლობაში ყველა მათგანის მდგომარეობა იყო სტაბილური, მხოლოდ 13-დან 4 პაციენტს აღენიშნა ტემპერატურა 37 და 37.2 -ის ფარგლებში. სხვა გამოხატული სიმპტომები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ აქვთ. დღეს თითოეულ მათგანს ჩაუტარდება ინფექციონისტის კონსულტაცია, ქალბატონი მარინა ეზუგბაია მოვა ჩვენთან, ნახავს პაციენტებს და გადავწყვეტთ რამდენს გავუშვებთ სახლში და რამდენს დავტოვებთ დაკვირვების ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ეს პაციენტები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, რადგან იქ მოიმატა დასაკვირვებელ პაციენტთა რაოდენობამ ამიტომ ყველაზე მსუბუქი პაციენტების დაკვირვების მიზნით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენს კლინიკაში”- ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

გოქოძის მტკიცებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს, პერიმეტრი ჩაკეტილია.

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გუშინ მოეწყო. იქ მხოლოდ კორონავირუსით პოტენციურად დაინფიცირებული პაციენტები მოხვდებიან.