“რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან“– მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სპეციალურ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამბობს, რომ  საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა  რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

“სამწუხაროდ, ამ დროისთვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული საიმისოდ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ გარემოში.

ამისათვის მინდა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან.

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდისკენ, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან.

თქვენ ნახეთ აუდიო ჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ეგრედწოდებულ ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.

ეს გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ , სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ვთხოვთ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს.

მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში. ჩვენი აქტივისტები სწორად და კარგად არიან მობილიზებულნი, მაგრამ დამატებით მოვუწოდებ, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალდებულება და ეს უნდა შეასრულონ.

გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც ევროპული საქართველოს მხრიდან, ისინი ხელოვნუირად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა იქაც ყველაფერი ჯერჯერობით მშვიდად არის ჩვენი აქტივისტების და წარმომადგენლების მეშვეობით, ამისათვის მათ დიდი მადლობა.“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.