ღარიბაშვილი ივანიშვილმა ქართულ ოცნებაში დააბრუნა

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 3 წლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” მმართველი გუნდიდან რამდენიმე წევრის წასვლის ფონზე დაბრუნდა. პოლიტიკაში ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე დღემდეც არაერთხელ კეთდებოდა პროგნოზები, თუმცა ივანიშვილმა მისი დაბრუნება მხოლოდ ახლა – გუნდში დაწყებული დაპირისპირების შემდეგ გადაწყვიტა – ღარიბაშვილი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტს ჩაიბარებს. ის დღეს “ქართულ ოცნებაში”, პოლიტსაბჭოს სხდომასაც დაესწრო. 

პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა კომენტარი. ხუნდაძის განცხადებით, ღარიბაშვილის დაბრუნება მნიშვნელოვნად შეავსებს პარტიას.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-12 წლებში. მე ვფიქრობ, რომ ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. პარტიას ნებისმიერი წევრის გასვლა, რა თქმა უნდა, აკლდება, მაგრამ ისეთი ფიგურის, როგორიც არის ღარიბაშვილი, მისი დამსახურებიდან გამომდინარე, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას”, განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშილი მსხვილ ჩინურ კომპანია CEFC China Energy-ში რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად 2018 წლის თებერვალში დაინიშნა. კომპანია რეგიონში CEFC-ის ინვესტიციებს მართავს.

CEFC Energy Company Limited ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საქმიანობს. ასევე მუშაობს ფასიანი ქაღალდების, აქტივების მართვისა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობის მიმართულებით. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. 

ღარიბაშვილი 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წლიდან პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს” წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი. ამავე წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ბიძინა ივანიშვილი და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2015 წლის 23 დეკემბერს გააკეთა.ღარიბაშვილს არ განუმარტავს, რატომ დატოვა თანამდებობა. 30 დეკემბერს კი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გადადგომის საკითხზე მას და ღარიბაშვილს ჰქონდათ კონსულტაციები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან თავისი წარმატებების პიკზე მყოფი წავიდა. ივანიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი ძალიან წარმატებულად მოღვაწეობდა ორი წლის განმავლობაში.

ირაკლი ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება, რომელიც საღამოს 8 საათზე ვიდეომიმართვიდან ამცნო საზოგადოებას, სხვადასხვაგვარად შეაფასეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ოპოზიციის განცხადებით, ღარიბაშვილმა ივანიშვილის მითითება შეასრულა და მას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. ღარიბაშვილი საჯაროდ ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა, როდესაც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.