რით დასრულდა უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრა

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარები უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა. მათი თქმით შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ მოსამართლეთა კრიტერიუმების და ამის შედეგად მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე. თუმცა სავარაუდოდ დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

“განვიხილეთ პროცესის ძირითადი ლოგიკა. შევთანხმდით რომ ეს რეგულაციები მომზადდება სამართლებრივ პრინციპებთან თანხმობაში. დღეიდან კანონის შემუშავების და მისი დამტკიცების პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება. “ – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ.

“ეს არის პროცესი, როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ვინც ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. შემდგომში თუ როგორ მოხდება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეტანილი განაცხადების დამუშავება, როგორ მოხდება სიის ფორმირება და სიის წარდგენა პარლამენტში. პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში,“ – ამბობს უმრავლესობის ლიდერი.
შეხვედრიდან გამოსულმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ვერ გაიგო რას ნიშნავდა შეთანხმება, რომ შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული პროცესი კონსტიტუციას არ გასცდება.
„შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. მე ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადაო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, ამ ეტაპზე პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები.“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეხვედრიდან გამოსული ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს ძირითად საკითხებზე საბოლოო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.მაგალითად, კვლავ განსხვავებული პოზიცია არსებობს კრიტერიუმებთან დაკავშირებით
“ ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რადგან არსებობს ორი განსხვავებული ხედვა. ის ვერსია, რაზეც საუბრობდა დღეს კობახიძე არის განსხვავებული, ამიტომაც ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ მუშაობა გაგრძელდება.“
ეკა ბესელია ამბობს, რომ არ აპირებს სამუშაო ჯგუფის იმ ფორმატში ჩართვას, რომელიც ამჟამად არსებობს, რადგან მას არ სურს იმ მოსამართლეებთან ერთად საკითხების განხილვა, რომლებიც მისთვის მიუღებელინი არიან .

შეხვედრიდან გამოსულმა ლევან გოგიჩაივშილმა განაცხადა, რომ მას განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ აქვს.
“შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც შეჩერდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები. დღეს ვერ დავინახე რომ პროოცესი გარანტირებულად ისე დამთავრდება, როგორიც არის საზოგადოებრივი დაკვეთა. განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს.ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დამთავრდეს ისე, როგორც არის საზოგადოების დაკვეთა.“ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.