“არა ბათუმის ჩაბეტონებას!”, “დაიცავი ძველი ბათუმი!”, “ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ ლოზუნგებში ბათუმში ამჟამად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა რივიერაზე 5 კოშკის მშენებლობას აპროტესტებს.
{{PHOTOGALLERY}}
ფოტო:ირინა მამფორია
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივიერას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის სამთავრობო დოკუმენტში, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია: „დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება, ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური სარგებელი ეჭვქვეშ დგება და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.
მოვითხოვთ, „რივიერა“ დაუბრუნდეს ისტორიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე, რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ სახელით გავრცელდა.