2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც, როგორც წესი, შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა ქართული ოცნების 2020 წლის დაფინანსების შესახებ. როგორც ირკვევა, 2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება. გასულ 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.
საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან კი – 120,000 ლარს. პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.
დასკვნის მიხედვით 2020 წლის შემოწირულობები ასე გამოიყურება:
ქართული ოცნების სასარგებლოდ 2020 წლის 3 ივნისისათვის ჯამურად 204 შემოწირულებაა განხორციელებული და ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია. თუმცა, საინტერესოა, რომ ხშირად ერთი კომპანიის თანამფლობელები და დირექტორები ერთსა და იმავე პერიოდში სწირავენ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შემომწირველები ერთი კომპანიის ისეთი თანამშრომლები არიან, რომლებიც ორგანიზაციაში მმართველ თანამდებობებს არ იკავებენ, რის გამოც ძალიან რთულდება მათი კომპანიასთან დაკავშირება. ეს პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებს, რომ შემოწირულება არა ფიზიკური პირის პოლიტიკური პრეფერენციის ან პარტიის დაფინანსების სურვილითაა გამოხატული, არამედ ამაში სწორედ ბიზნესის ინტერესი იკვეთება.
მაგალითისთვის, 2020 წლის იანვრიდან 3 ივნისის ჩათვლით განხორციელებული შემოწირულებებიდან იკვეთება არაერთი ფიზიკური პირი, რომლებიც სავარაუდოდ კავშირში არიან შპს RMG Gold-თან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი კომპანიის თანამშრომლებად იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.
ქვემოთ ჩამოთვლილი შემომწირველების კავშირების დასადგენად გამოყენებულია RMG Gold-ის ვებგვერდზე განთავსებული მათივე ბეჭდური გამოცემის მასალები, ონლაინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია[1], სოციალური ქსელი “Facebook” და საჯაროდ ხელმისაწვდომი სახელმწიფო ონლაინ რესურსები.
მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირეს:
– RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ;
– წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა;
– კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა;
– ვლადიმერ კახეთელიძემ, რომელიც 2018 წლის ინფორმაციით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო;
– ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონდო შუბითიძემ, რომელიც RMG-სთან დაკავშირებული სხვა კომპანიის მფლობელია;
– ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ;
– გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორმა, მიხეილ კვარაცხელიამ;
– RMG-ის რესურსების გეოლოგმა (2017 წლის ინფორმაცია), მალხაზ ნაცვლიშვილმა;
60,000-ზე ნაკლები შესწირეს:
– კახაბერ კეკელიძემ, რომელიც 2014 წლის ინფორმაციით RMG-ის გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი იყო – 55,000 ლარი;
– ადამიანური რესურსების მიმართულებით დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ – 50,000 ლარი;
– კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა – 40,000 ლარი;
– ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი შატაკიშვილმა – 15,000 ლარი;
– ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა, კესო ჩიღუნაძემ – 30,000 ლარი;
– ზაზა ავალიშვილმა, რომელიც ონლაინ მედიაზე დაყრდნობით, 2014 წელს RMG-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი იყო – 45,000 ლარი;
– RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატო ნოზაძემ – 7,000 ლარი;
– იროდი (ირაკლი) ჭეჟიამ, რომელიც “Facebook”-ზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, RMG Copper-ის შესყიდვების მენეჯერია – 7,000 ლარი;
– სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით მენაბდიშვილმა – 7,000 ლარი;
– 7,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას ჟიული ბერიძემაც, რომელიც RMG-ის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიახლეების მიხედვით, 2014 წელს გამამდიდრებელი ფაბრიკის სარემონტო სამსახურის ხელმძღვანელი იყო;
– გია მუშკუდიანმა 10,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით RMG-ის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
– 10,000 ლარის შემოწირულება განახორციელა ჯემალ გიორგაძემაც, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით ასევე RMG-ის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული.
– მაია ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირა. ერთი შეხედვით, მას არაფერი აკავშირებს არც RMG Gold-თან და არც სხვა რომელიმე კომპანიაში აქვს ინტერესი, თუმცა, ნაცვლიშვილის მისამართზეა რეგისტრირებული ალექსანდრე ქუთათელაძე, რომელიც 2010-2012 წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. თავად მაია ნაცვლიშვილის სახელზე კი იძებნება უძრავი ქონების რეესტრში შპს “კვარციტის” (RMG-ს ძველი დასახელება) კაზრეთში მდებარე უძრავ ქონებაზე ამონაწერის მოთხოვნა.
მხოლოდ აქ მოცემული ინფორმაციით, RMG-სთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა მმართველ პარტიას 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს. საგულისხმოა, რომ კომპანიის შედარებით მაღალი რანგის თანამშრომლები დიდ თანხებს სწირავენ, ხოლო საშუალო მენეჯმენტში დასაქმებულები, 15, 10 ან 7 ათას ლარს. გარდა ამისა, შემომწირველთა სიაში ფიგურირებს ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც ბოლნისში, დაბა კაზრეთში ან მიმდებარე სოფლებში არიან რეგისტრირებულნი, ძირითად შემთხვევაში არ აქვთ წილები ბიზნესში და ან საერთოდ არ ფლობენ უძრავ ქონებას, ან მხოლოდ იმ სახლს, რომელშიც რეგისტრირებულნი არიან. ამასთან, მათი ნაწილის სახელები და გვარები იძებნება RMG-ის ონლაინ გაზეთის სხვადასხვა წლის გამოცემაში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისინიც კომპანიის თანამშრომლები არიან, თუმცა რადგან მათი საბოლოო იდენტიფიცირება ვერ ხდება, აღნიშნული ინფორმაცია კვლევაში არაა წარმოდგენილი.
ის ფაქტი, რომ ერთი კომპანიის ამდენი თანამშრომელი ერთდროულად სწირავს მმართველ პარტიას თანხას, აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული თანხები მობილიზებულია კომპანიის მიერ და შესაძლოა კომპანიის ტოპ მენეჯმენტი იყენებდეს საკუთარ თანამშრომლებს შემოწირულების კანონის დარღვევით განსახორციელებლად. “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ “შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, გამოიწვევს შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა”. აღნიშნულის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევებში შესაბამისი დასაბუთების მოთხოვნა საქართველოს აუდიტის სამსახურს ევალება.
მსგავსად მოქმედებენ შპს ლილო მოლის დამფუძნებლებიც, რომლებზეც მედია აქამდეც წერდა. კერძოდ, კომპანიის 15-დან რვა მეწილემ და კომპანიის დირექტორმა 2020 წლის 15 მაისს მმართველ პარტიას ჯამურად 455,000 ათასი ლარი შესწირეს. აღნიშნულ პირებს 2017 წლიდან დღემდე მართველი პარტია ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტით აქვთ დაფინანსებული. თუმცა, ლილო მოლის შემთხვევაში მხოლოდ მეწილეებისა და მმართველ თანამდებობაზე მყოფი პირების იდენტიფიცირება ხდება, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი. მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები აჩენს ეჭვებს, რომ მსგავსი შემოწირულებები არ არის ფიზიკური პირების პოლიტიკური სიმპათიების გამომხატველი, არამედ ემსახურება ბიზნეს ინტერესებს და გვერდს უვლის კანონით დადგენილ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ლიმიტს.