“რა მოხდა როცა ლომი კატას აკრიტიკებს” – დინი ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე

“როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირი”- ასე აფასებს ცნობილი ქართველი პიანისტი და მუსიკოსი დინი ვირსალაძე, ელისო ვირსალაძის კრიტიკას ხატია ბუნიათიშვილის მიმართ.  

“ელისო ვირსალაძე მსოფლიო დონის საუკეთესო ათი პინისტის სიაშია შესული. ასეთი განძი გვყავს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მამიდაა, ეს ფაქტია. ერთ საათიან ინტერვიუში, სადაც ყველა მისი სიტყვა სიბრძნე, ღრმა და ინტელექტუალურია, მეტი სხვა საინტერესო ვერაფერი ნახეს, რომ ეს მეასე ხარისხოვანი ნაწილი აქციეს მთავარ ამბად? ეს არის ჩვენი ტრაგედია. ყველას ვურჩევ ქალბატონი ელისო ვირსალაძის მთლიანი ინტერვიუ მოისმინოს.

მე რა უნდა ვთქვა (ხატია ბუნიათიშვილზე) , როცა ასეთი გიგანტი აფასებს. ელისო 52 წლის მანძილზე მსოფლიოს სამი კონსერვატორიის – მიუნჰენის, ფლერენციის და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი გახლავთ. მოსკოვის კონსერვატორია მსოფლიოში საუკეთესოა. ასეთი მუსიკოსი რომ შეფასებას ამბობს, მასთან შედარებით მე ვინ ვარ, რომ რაღაც ვთქვა. ხატიაზე ამბობს ტალანტია, მაგრამ… და რასაც ამბობს. ერთია, რომ მას, როგორც შემსრულებელს, თაყვანისმცემლები ყავს და ღმერთმა გაუმარჯოს. ელისო ვინმეს ერჩის? ვინც ტალანტია, ყველაზე თქვა რომ ასეა. მით უმეტეს, ეკითხებიან კონკრეტულად, ხომ არ ჭორაობს? ერთმა ქალტონმა ძალიან კარგი კომენტარი მიაწერა, როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირიო. ცოტა დავაფასოთ ელისოსნაირი ადამიანები. “- განაცხადა დინი ვირსალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ “ვინ არის მთავარი პიანისტი”- ამ თემაზე Youtube არხზე ЕщёнеПознер-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. სწორედ ამ ინტერვიუში კონკრეტულად ხატია ბუნიათიშვილზე დასმულ შეკითხვას მან ასეთი პასუხი გასცა.

„საშინელება… თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ… უდავოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია. თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მიკვირს, რადგან ასე ბევრი უკრავს. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია. ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო” – განაცხადა პიანისტმა ხატიაზე. 

“ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა… განათლება აკლია”- ელისო ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე