2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ცენტრში გამაღთული ღია კარის დღის ფარგლებში მიაწოდა.
„მარტის დასაწყისში უკვე ყურადღებით უნდა იყვნენ აბიტურიენტები, იმიტომ, რომ ამ დროისთვის ვაპირებთ რეგისტრაციის გამოცხადებას. ამ დროისთვის ცნობარიც მზად იქნება, სადაც მოცემული იქნება ყველა ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ პროგრამების ასარჩევად. დღეს ასევე გავაკეთეთ რეგისტრაციის მოდელირება, რადგან ყოველ წელს არის შემთხვევები, სამწუხაროდ, როცა აბიტურიენტების ნაწილი, მხოლოდ იმიტომ ეთიშება საგამოცდო პროცესს, რომ რეგისტრაცია შესაბამისად ვერ გაიარა”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისივ თქმით დაანონსებული საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი შეიძლება ცნობართან ერთად, ან რამდენიმე დღით ადრეც გამოქვეყნდეს.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ღია კარის დღეზე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვაბელებმა პირადად გააცნეს.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოდელირებული რეგისტრაცია გაევლოთ.