როდის დატოვებს ციხეს ვანო მერაბიშვილი-“უდოს” კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის  ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე „უდოს“ კომისიაში განხილვა დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება  საბჭომ მიიღო. მერაბიშვილს  ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მერაბიშვილის  საკითხზე კომისიამ 11 აპრილს იმსჯელა და უარის თქმის შესახებ  მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.

„ახალი გარემოება არ არსებობს, ხოლო ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელიც არსებობდა აქამდე მასზე სასამართლომ უთხრა, რომ ვერ გამოდგებოდა უარისთვის.გვრჩება განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმდინარეობს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა.იმ ფონზეც კი, როცა სასამართლომ მიუთითა, რომ არგუმენტები რომლითაც უარს ეუბნებიან გათავისუფლებაზე არ გამოდგებოდა და ამის გამო გააუქმა ეს ადმინისტრაციულ-ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ჩვენ მივიღეთ ისევ იგივე.ვერ შევალთ შინაარსში, იმიტომ რომ, არ ვიცით შინაარსი. მერაბიშვილმა თავად დაუწერა განცხადება და ველოდებით დასაბუთებას. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმ არგუმენტებზე, თუ რითი ეთქვა უარი,“ – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ, „უდოს“ კომისიამ ერთხელ უკვე გამოიტანა უარყოფითი გადაწყვეტილება მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე, 25 თებერვალს კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე  საკითხის ხელახლა განხილვა დაეკისრა.