{{ARTICLEIMAGE}}
ევროკომისია დღეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ Newsreport.ge-ს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
ანგარიში შეეხება უვიზო რეჟიმის მქონე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას, მონტენეგროს და სერბეთს; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.
“უვიზო მიმოსვლა ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპიდან დიდი მიღწევაა, რომელსაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. “მას აგრეთვე ახლავს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყანა კვლავაც ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთ ქვეყანას მოვუწოდებთ სწრაფი და გაძლიერებული ძალისხმევისთვის გააგრძელონ არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ასევე კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა “, განაცხადა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრომოპულოსმა.
დღევანდელი ანგარიში 2017 წლის დეკემბერში კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას ამოწმებს და ბოლო წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ განხორციელებულ ზომებს აფასებს:
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რვავე ქვეყანამ მიიღო ზომები არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა გასაუმჯობესებლად და მდგრადი შედეგების უზრუნველსაყოფად:
ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი უკრაინიდან, სერბეთიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინიდან კვლავ მაღალი რჩება, ხოლო მოლდავისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების რიცხვის გაზრდა შეშფოთების საფუძველს იძლევა;
ალბანეთმა ეფექტური ზომები მიიღო არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად, რომლის შედეგადაც 2018 წლის პირველ ნახევარში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რიცხვი 32% -ით შემცირდა. ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს;
საჭიროა მეტი მუშაობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობისთვის. სერბეთმა ირანს უვიზო რეჟიმი შეუწყვიტა, მაგრამ შემაშფოთებელი რჩება სხვა ქვეყნებისთვის სერბეთში უვიზო მიმოსვლა;
თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით შეუფერხებლად გრძელდება ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანასთან. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები გაუმჯობესებისთვის, კერძოდ, მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რეადმისიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სერბეთში.
დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორებთან ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარება არალეგალური მიგრაციის საკითხის მოგვარებას. უკვე გაფორმდა პირველი შეთანხმება ალბანეთთან; სერბეთმა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ; და სრულდება პროცედურები ამ მიმართულებით მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები 8-ვე ქვეყნიდან აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივი ქმედებების ფართო სპექტრში ევროკავშირის მასშტაბით, რაც მოიცავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას, საკუთრების ხელყოფას, ფულის გათეთრებას, ადამიანებით ვაჭრობას, მიგრანტთა უკანონო გადაყვანას და კიბერდანაშაულს.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ზონაში 90 დღიანი უვიზო მიმოსვლით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ.