მუსიკოს ზაზა კორინთელი, იგივე “ზუმბა” უკვე 4 წელია, რაც სამშობლოდან წავიდა. P.S. მას კალიფორნიაში სან-ხოსეში ესტუმრა. მუსიკოსს სამშობლოს დატოვება არ უნდოდა, თუმცა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. აქ მისთვის უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ ჩანდა. ამერიკაში საცხოვრებლად “ზუმბა” 2015 წელს წავიდა. მისმა ბენდმა ამერიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ბენდი უკან, საქართველოში დაბრუნდა, ზუმბა კი ამერიკაში დარჩა.
ზუმბა სანხოსეში იქაურ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. სანხოსეში ბევრი ქართველი ემიგრანტი მეგობარიც ყავს. ისინი ერთად ხშირად იკრიბებიან. ამბობს, რომ კალიფორნიაში არცერთი უსაქმური ქართველი არ უნახავს.
“ზუმბას” მისი იქაური ბენდის წევრებთან ერთად ორსაათიანი რეპერტუარი აქვს დამუშავებული. მუსიკოსის თქმით, პროექტი ჩასაწერად აქვს გამზადებული ალბომის სახით, თუმცა როგორც ამბობს, ამისთვის ფინანსებია საჭირო.
მღერიან კლუბებში, ქუჩებში. ამბობს რომ თუ მუსიკოსი ხარ ყველგან უნდა იმღერო. თავის ბენდთან ერთად 30 მდე კონცერტი უკვე ქონდა, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში და ფილადელფიაში.
“მე ვარ ქართული წარმოშობის დედამიწელი. აქ მე არასდროს არ მიგრძვნია თავი რომ მე ვარ ჩამოსული. მე ვარ აქაური. უფრო მეტსაც ვიზამ ჩემი ქვეყნისთვის აქედან, ვიდრე მე რომ იქ დავრჩენილიყავი და მეწვალა, ლოკალურ ჭაობში ჩავრჩენილიყავინ. თუმცა მოვა დრო ალბათ ჩემი მუსიკალური პროექტებით, ფესტივალებით გაგახარებთ. ჩამოვალ, მაგრამ არა მარტო. დიდი ჯარით. “ – ამბობს ზუმბა