როგორ გამოიყურება პრეზიდენტ მარგველაშვილის კოტეჯი, რომელსაც ტურისტებისთვის აქირავებს

ბინების გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე –  airbnb.com საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დუშეთის სახლის ნაწილი ქირავდება. საქმე ეხება კოტეჯს, რომელიც პრეზიდენტმა ორი წლის წინ დუშეთში მისი სახლის ეზოში ააშენა. თავიდან კოტეჯს ოჯახი იყენებდა, თუმცა დღეს ის უკვე სტუმრებისთვის ქირავდება. ვებგვერდზე მის ფასად მითითებულია  80 დოლარი ერთ დღე-ღამეში. კოტეჯში ღამის გათევა ერთდროულად სამ ადამიანს შეუძლია. ბინის მასპინძლად პრეზიდენტის ქალიშვილი, ანაა მითითებული. მისი გვერდიდან ჩანს, რომ კოტეჯი ვებგვერდზე 2019 წლის მარტიდან განთავსდა. ჯერჯერობით არცერთი ღამე დაჯავშნული არ არის. პირველ სამ სტუმარს 20%–იანი ფასდაკლება ერგება.

პრეზიდენტი ინტერვიუებში ყვებოდა, რომ ხელსაქმემ გაიტაცა და ავეჯის კეთებაც დაიწყო. ის პირადად მონაწილეობდა კოტეჯის მშენებლობაში. საძინებელში მისი ხელით გაკეთებული საწოლი დგას.

ინტერიერის დიზაინი მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას ეკუთვნის. კოტეჯი ძველებური სტილის ავეჯით და ნივთებით არის მოწყობილი.

80 დოლარი ჩვენი რეალობისთვის არ არის ცოტა – ამბობენ პრეზიდენტი და მისი მეუღლე კურიერთან საუბარში. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული შემოსავალია.

გასაქირავებელ კოტეჯამდე მიმავალი ბილიკი მარგველაშვილების ბაღ-ბოსტანზე გადის. ექს პრეზიდენტის სტუმრებს სადილზე საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიუტანს.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.