როგორ განვიკურნოთ მეტეოდამოკიდებულებისგან

რატომ ხდება, რომ ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობისას სასწრაფო დახმარების სამსახური საქმეს ვეღარ აუდის?

“მეტეოდამოკიდებულება“, როგორც დიაგნოზი საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკაციაში არ არსებობს. მრავალი კვლევის მიუხედავად მეცნიერებმა ვერ დაადგინეს მკაფიო კავშირი ამინდის ცვალებადობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. სწორედ ამიტომაც ოფიციალური მედიცინა მეტეოდამოკიდებულებას, როგორც დაავადებას არ ცნობს, თუმცა დამტკიცებულია, რომ ადამიანთა დაახლოებით 35%  ატმოსფერული მოვლენებისადმი – ატმოსფერული წნევის, ტენიანობის, ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობის და მაგნიტური ქარიშხლების მიმართ მგრძნობიარეა.  გულ სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთა შორის კი  მეტეოპატები 70%–ს შეადგენენ.

 

დაავადება თუ ახირება

მეტეომგრძნობელობა –ეს არის ამინდის ცვალებადობასთან ორგანიზმის ადაპტაციის უნარის დარღვევა.

მაგალითად, ატმოსფერული წნევის ცვალებადობისას სისხლძარღვების კედლების მდგომარეობა იცვლება, ტენიანობის მატებისას სასუნთქი სისტემის მუშაობა ძლიერდება, ჰაერის ტემპერატურის მატებისას კი ოფლის გამოყოფა მატულობს. ცივ ამინდში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ჯანმრთელ ადამიანებში ეს პროცესები დისკომფორტს არ იწვევს. თუმცა ბევრი დაავადება ორგანიზმის ადაპტაციის უნარს აქვეითებს და შედეგად მეტეომგრძნობელობა ჩნდება, რაც არა მხოლოდ ზოგად მდგომარეობას აუარესებს, არამედ ძირითადი დაავადებების სიმპტომებსაც აძლიერებს. ზოგ შემთხვვაში ეს პრცესი სერიოზული გართულებების პროვოცირებას იწვევს. მაგალითად, სისხლძარღვების ძლიერი სპაზმი შეიძლება ჰიპერტონიული კრიზის, მიოკარდის ინფარქტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის და ინსულტის მიზეზიც კი  გახდეს.


ამინდის პროგნოზი

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამინდის პროგნოზის მოსმენისას? ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რა დაავადებამ გამოიწვია თქვენი მეტეოდამოკიდებულება.

ატმოსფერული წნევის ცვალებადობა :
ამ დროს სისხლძარღვების სპაზმი ან გაფართოება ხდება. ეს შეიძლება საშიში იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები  ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები აწუხებთ. მაგალითად, ჰიპერტონიით დაავადებულთათვის ატმოსფერული წნევის მომატება სისხლძარღვების შევიწროვებას და არტერიული წნევის ზრდას იწვევს. ათეროსკლეროზის არსებობა კი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ქოლესტერინის  ფოლაქები  სისხლძარღვების გამტარიანობას კიდევ უფრო ამცირებს.

ჰაერის ტენიანობის ზრდა (85% და მეტით): ტენიანობის ზრდასთან ერთად ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მცირდება, რამაც შეიძლება ჰაერის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმის შეტევა, ტახიკარდია, თავბრუსხვევა გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია ტენიანობის მატება სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, თუმცა მაღალმა ტენიანობამ შესაძლოა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მქონე ადამიანებსაც შეუქმნას პრობლემები, განსაკუთრებით თუ პარალელურად ჰაერის ტემპერატურა დაბალია.

მაგნიტური ქარიშხლები: ეს მოვლენა სისხლის მიმოქცევის შენელებას იწვევს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, რამაც შეიძლება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის მუშაობის გაუარესება გამოიწვიოს. ჯანმრთელ ადამიანში კი მაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს.

დღე–ღამის განმავლობაში ტემპერატურის უცაბედი ვარდნა 10 და მეტი გრადუსით: ასეთი მოვლენა სისხლძარღვების უცაბედ შევიწროვებას იწვევს, რაც შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს ჰიპერტონიკებისთვის, გულის იშემიური დაავადებების მქონეთათვის, ინსულტგადატანილთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის დარღვევა აწუხებს.

რომელ ტიპს განეკუთვნებით თქვენ:


მეტეომგრძნობელდობის სიმპტომები განსხვავებულია და ყოველ მეტეოპატს ამინდის ცვლილებაზე  თავისებური რეაქცია აქვს. იმის გათვალისწინებით, რა სიმპტომებია გამოხატული, მეტეომგრძნობელობის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ.

ტვინის  – ამ ტიპს ახასიათებს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურადღების გაფანტულობა, ხმაურის შეგრძნება თავში.

გულის – გამოიხატება სუნთქვის აჩქარებაში, გულის არეში დისკომორტში
.
შერეული – ამ ტიპისთვის დამახასიათებელია როგორც გულის, ასევე ტვინის სიმპტომები.

ასტენონევროტული –
ახასიათებს გაღიზიანება, მომეტებული მგრძნობელობა, უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა. როგორც წესი, ამ ტიპის მეტეოპატები საკუთარ ჩივილებს ძალიან ემოციურად და დეტალურად აღწერენ.

განუსაზღვრელი – ახასიათებთ საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს. ასეთი ავადმყოფები უჩივიან კუნთებისა და სახსრების ტკივილს და მდგომარეობის ზოგად გაუარესებას.
მეტეოპატიის ცალკე სახეობად გამოყოფენ მეტეონევროზს, როცა მეტისმეტად ემოციური ადამიანი ამინდის ცუდი პროგნოზის მოსმენისას წინასწარ აპროგრამებს საკუთარ თავს, რომ ცუდად უნდა გახდეს იმ დროს, როცა ჯანმრთელობის გაუარესების ობიექტური ნიშნები არ არსებობს.

როგორ დავიცვათ თავი

იმისათვის, რომ ამინდის ჭირვეულობამ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შეუქმნას, მეტეომგრძნობელმა ადამიანებმა საშიშ დღეებში საკუთარ თავს განსაკთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.
ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. მაგალითად, თუ საყრდენ– მამოძრავებელი აპარატის დაავადებას უჩივით, აუცილებელია ცივ და ტენიან ამინდში სხეული თბილად გქონდეთ. მათ კი, ვისაც თავის ტკივილებისკენ აქვს მიდრეკილება ან შაკიკი აწუხებს,  ქარიან ამნდში აუცილებლად უნდა დაიხურონ ქუდი და გაიკეთონ შარფი, რათა ადგილობრივი გადაციების გამო სისხლძარღვების სპაზმი თავიდან აიცილონ.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე – ალკოჰოლი და სიგარეტი ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს ამცირებს.
ცუდ დღეებში პირველადი დახმარების მედიკამენტები თან ატარეთ.

ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ყურადღება დაუთმეთ ცხოვრების წესს – სწორად იკვებეთ, დრო დაუთმეთ სპორტს, იძინეთ მინიმუმ 8 საათი დღეღამეში და დღეში 40 წუთი მაინც გაატარეთ ჰაერზე.