“რა ავტომობილით გადაადგილდებით ბატონო ლევან და როდის შეიძინეთ?” – თავდაცვის მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ 2012 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა და მინისტრის ახლანდელი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.
ბოკუჩავას თქმით, 2012 წელს ლევან იზორია ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ბოკუჩავამ მინისტრს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიში წარდგენის დღეს პარლამენტის ეზოში გადაღებული არაერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო აჩვენა და ჰკითხა, რა ღირს მისი ავტომობილი და როდის შეიძინა.
ბოკუჩავამ მინისტრს კიდევ ერთი ფოტო წარმოუდგინა, სადაც ლევან იზორიას შემოსავლების მზარდი დინამიკაა ასახული.
„ვისურვებდი რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ ლევან იზორიას მისი ფეშენებელური სახლის ფოტოც წარმოუდგინა, რომელიც ლევან იზორიამ მინისტრად დანიშვნის შემდეგ აიშენა, თუმცა დეკლარაციაში ხარჯები არ მიუთითებია.
„დეკლარაციის მიხედვით, თქვენ საერთოდ არ დაგიხარჯავთ არცერთი თეთრი, მე მაინტერესებს, როგორ აიშენეთ ბატონო ლევან, უფასოდ ასეთი ტიპის სახლები,“-მიმართა მინისტრს ბოკუჩავამ.