როგორ უკავშირდება პანკისის მოვლენები ბიძინა ივანიშვილს.ჰესის მშენებელი კომპანია ივანიშვილის პარტნიორია

რატომ შეიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში სპეცრაზმი კერძო ჰესის მშენებლობის დასაცავად და გააკეთებდა თუ არა იგივეს, მშენებელი კომპანია რიგითი კომპანია რომ ყოფილიყო და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებული.

ამ ინტერესების და პანკისში მშენებარე ჰესის ივანიშვილთან კავშირის აღმოჩენა რთული სულაც არ არის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ შსს–ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ და მათ უსაფრთხოების მიზნით მხარდაჭერა ითხოვეს, რადგან გუშინ ჰესის მშენებლობა იწყებოდა. შსს–მ როგორც გახარია ამბობს, მშენებლებს 35 პოლიციელი გაააყოლა, რომლებსაც შსს–ს ინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა თავს დაესხა. დრამატული მოვლენები პანკისში ამის შემდეგ განვითარდა.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესს – “ხადორი 3“–ს კომპანიები – „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებენ.
ეკონომიკის სამინისტროში ამობობენ, რომ მათ უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვის მოთხოვნით ინვესტორმა კომპანიამ მიმართა, ეკონომიკის სამინისტრომ კი ეს ინფორმაცია შსს–ს მიაწოდა.
რატომ გამოყო პოლიციამ გაძლიერებული ძალები კერძო კომპანიის მოთხოვნით და მოიქცეოდა თუ არა ასევე, იგივე მოთხოვნით სხვა კომპანიებს რომ მიემართათ.
ჰესის მშენებელი კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტებში ჩახედვის და მცირე მოკვლევის შედეგად იკვეთება ის გარემოებები, რომლის გამოც სავარაუდოდ შსს–მ პანკისში ჰესის მშენებლობის დასაცავად ძალები არ დაზოგა.
ჰესის მშენებელი კომპანიები ბიძინა ივანიშვილს და მისი თანაინვესტირების ფონდის პარტნიორები არიან, თუმცა სხვა პროექტში.
ვნახოთ , რა კავშირი აქვს პანკისში მშენებარე ჰესს ბიძინა ივანიშვილთან და მის ინტერესებთან:
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ შპს ფერის დამფუძნებლები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან. დირექტორი კი მერაბ იორდანიშვილი.
რაც შეეხება ჰესის მშენებელ კიდევ ერთ კომპანიას – ალაზანი ენერჯის მისი მესაკუთრე და 100% წილის მმართველი ლაშა იორდანიშვილია, რომელიც იმავე მისამართზე ცხოვრობს, რომელზეც მერაბ იორდანიშვილი და დაბადების წლებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ მისი შვილია. ეს კომპანია 2016 წლის 13 სექტემბერს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორი გიორგი გოგავაა.
პერსონები, რომლებიც ამ ორ შპს–ში ფიგურირებენ, კიდევ ერთი ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობაში გვხვდებიან. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სს ონის კასკადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: თავმჯდომარე – იოსებ მჭედლიშვილი. თავმჯდომარის მოადგილე – კახაბერ შევარდნაძე. ონის კასკადის დირექტორი კი ალაზანი ენერჯის 100% იანი წილის მფლობელი ლაშა იორდანიშვილია.
სწორედ ონის კასკადის პროექტშია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პარტნიორი შპს ფერი. თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ონის კასკადის პროექტი მდინარე რიონზე 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 177 მეგავატია.

პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების ეტაპი უკვე დასრულებულია და ის მშენებლობის ეტაპზე გადადის. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2021 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. ვებგვერდზე მითითებულია, რომ პროექტის 55% საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, 45% კი სამშენებლო კომპანია “ფერის“.
თანაინვესტირების ფონდი საქართველოში უმსხვილეს პროექტებს ახორციელებს, რომელთაგან უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მათ შორის არის: გალერეა თბილისი, პანორამა თბილისი: შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო თავისუფლების მოედანზე და სასტუმრო სოლოლაკი ჰილსი. სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში, სასტუმრო განმუხური, ჰაიდელბერგ ცემენტი და სხვა.