18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.
ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2 – +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლიც კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.
დღეს ღამით, თბილისში -3 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით კი მცირე, ხანმოკლე თოვლი და ნისლი იქნება შესაძლებელი თბილისში. შესაძლოა ყველგან არც იყოს. ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსამდე გათბება.
18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელს საქართველოში, დასავლეთში დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.