ქვემოთ აღწერილ სიტუაციებში ალბათ საკუთარ თავს ან ახლობლებს ამოიცნობთ. რაღაც აუცილებლად დაემთხვევა თქვენს წარმოდგენებს და რეალობას, რაღაც – არა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანის ცხოვრება სუფთა მათემატიკას, ასტროლოგიას ან რომელიმე სხვა ზუსტ მეცნიერებას არ ემორჩილება. ტენდენციები, რომლებიც დაბადებიდან ჩაიდო ჩვენში მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა ხანდახან უკანა პლანზე გადადის. ჩვენი სახალისო ჰოროსკოპი დაგეხმარებათ გარკვეულ სიტუაციებს და ურთიერთობებს სხვა თვალით შეხედოთ. მაშ ასე, ვნახოთ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით რა თავისებურებები გახასიათებთ, როგორც მშობელს .
ვერძი
ვერძისთვის დამახასიათებელია აქცენტის გაკეთება ბავშვის პიროვნებაზე. ასეთი მშობლები როგორც წესი ბავშვის ხასიათს ერგებიან. იდეალური შემთხვევაა, თუ ვერძს დამჯერი შვილი ყავს, რომელიც ყველაფერში მშობელს ემორჩილება. ქალი და კაცი ვერძი, ორივე კარგი დამრიგებელია და თუ ბავშვთან საერთო ენას გამონახავენ, შესაძლოა ნამდვილად სანიმუშო და მზრუნველი მშობლები იყვნენ. თუმცა თუ ბავშვი თავნება და ჯიუტია, ოჯახში ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს. ვერძები ადვილად კარგავენ გავლენას და ამიტომაც ხშირად მათი შვილი ისეთ ადამიანად ყალიბდება, რომელიც სხვის აზრს არად დაგიდევს. თუ ერთ–ერთი მშობელი ვერძია, მეორე მშობელმა მკაცრად უნდა აკონტროლოს, რომ ბავშვმა და მშობელმა ოჯახში სუბორდინაცია დაიცვან.
კურო
კუროებს შორის ხშირად შეხვდებით ფანატიკოს მშობლებს, რომლებიც საკუთარ თავს მთლიანად შვილს უძღვნიან. ხანდახან ეს მართლაც სიყვარულის გამოვლინებაა, რომელიც ბავშვისთვის სასარგებლოა, თავს მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინებს და მშობლებში ძლიერ საყრდენს დაანახებს. თუმცა ასეთ მიდგომას უარყოფითი მხარეც აქვს. სამწუხარდ კუროებს შორის ბევრია განსაკუთრებულობის იდეით გატაცებული მშობელი – როგორც თავისი, ასევე შვილის. ამიტომაც ისინი გარშემომყოფების მიმართ ქედმაღლურად და ამპარტავნულად იქცევიან. ეს კი შვილებსაც გადაედება. საბოლოოდ დიდია რისკი, რომ ბავშვი დამოუკიდებელ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდეს და არაადეკვატური თვითშეფასება გაუჩნდეს. თუ შეგხვედრიათ ისეთი მშობელი, რომელიც მზად არის ყველას ყელში ეცეს, ვინც მისი აზრით მის შვილს ოდნავ ცერად შეხედა, სავარაუდოდ ის კუროა. ასეთ შემთხვევებში მეორე მშობელმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს, რომ კურო მშობელი საკუთარი თავისა და შვილის შესახებ არარეალური წარმოდგენების მძევალი არ გახდეს.
ტყუპები
ტყუპები ხასიათის სიმსუბუქით გამოირჩევიან და ბავშვების მიმართაც ლაღი დამოკიდებულება აქვთ. ისინი ბავშვთან იქცევიან არა როგორც მშობლები, არამედ როგორც უფროსი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია შენი პრობლემა გაიგოს, დაგიცვას და სურვილებიც აგისრულოს, თუნდაც მეორე მშობლისგან მალულად. თუ გინახავთ მაღაზიაში მამა, რომელიც ბავშვს აფრთხილებს: “გიყიდი, ოღონდ დედას არ უთხრა“ და რამე ბავშვისთვის არცთუ სასარგებლო ტკბილეულს ყიდულობს, ან შვილს უფლებას აძლევს, თავფეხიანად ამოისვაროს ტალახში, დიდი ალბათობით ის ტყუპია. ბავშვები ასეთ მშობლებს აღმერთებენ და ხშირად აღზრდის ასეთი სტილი სასარგებლოა. თუმცა ხანდახან მშობლის მყარი ავტორიტეტის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვზე მაინცდამაინც დადებითად არ იმოქმედოს. ტყუპებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს მეორე მშობელს, ან უფროს თაობას გადააბარებს. ამასთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ასეთ ოჯახში პრაქტიკულად ორი მშობელი კი არა, ორი ბავშვია.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის ახლადდაბადებული ბავშვი მომენტალურად ხდება სამყაროს ცენტრი. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, საუბარი მხოლოდ მას ეხება. თუ ნაცნობი კირჩხიბი გყავთ შეიძლება შემჩნეულიც გავთ: უშვილო კირჩხიბები იფიცებიან, რომ არ აინტერესებთ შვილის ყოლა, არ უნდათ, მაგრამ როგორც კი შვილი შეეძინებათ, მაშინვე იცვლიან მოსაზრებას. კირჩხიბები ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მშობლები არიან, რომლებიც შვილს დიდი მონდომებით იცავენ. კუროებისგან განსხვავებით ისინი შვილს სხვებს არ მოახვევენ თავს და კარგად აცნობიერებენ, რომ ბავშვის სიყვარულის ვალდებულება მხოლოდ მათ აქვთ. კირჩხიბებს შორის ბევრი მარტოხელა დედაა, რომელთა აღზრდის სტილი და თავდადება მშვენივრად აკომპენსირებს მეორე მშობლის არარსებობას. როგორც წესი კირჩხიბები ჯანმრთელ და ფსიქოლოგიურად სრულფასოვან შვილებს ზრდიან, მაგრამ მეორე ნახევართან ურთიერთობაში ბალანსის დაცვას რაც შეეხება, ბავშვის დაბადების შემდეგ როგორც წესი მეუღლეს ყურადღებას აკლებენ, რადგან მთლიანად ბავშვზე არიან კონცენტრირებული.
ლომი
ლომებს უსაზღვროდ უყვართ საკუთარი შვილები, თუმცა ამას ცოტა განსხვავებულად გამოხატავენ, ვიდრე ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობა. ლომი ნაკლებად მოუყვება სხვებს შვილის მიღწევების შესახებ, თუმცა სიამოვნებით მოისმენს სხვების ნაამბობს. ყველაზე ხშირად ლომები ცდილობენ ბავშვს რაც შეიძლება მეტი უნარი განუვითარონ, საუკეთესო განათლება მისცენ, მისი გარანტირებული მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც ლომების შვილებს თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ აქვთ. ისინი სკოლიდან აუცილებლად რამდენიმე დამატებით წრეზე მიდიან, არდადეგების დროს კი დამატებითი ლიტერატურა უნდა იკითხონ ან ის საგანი იმეცადინონ, რომელში გამოცდის ჩაბარება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ უწევდეთ. მონდომებას შედეგიც მოაქვს და ლომის შვილი შესაძლოა მართლაც ნიჭიერი მხატვარი გახდეს, ან სკოლა წარმატებით დაამთავროს, მაგრამ როგორც წესი ეს მიღწევები ხშირად უშედეგოდ ქრება. ლომის დესპოტიით დაღლილი ბავშვები როგორც კი სტუდენტები გახდებიან და თავისუფლებაზე გააღწევენ, დაკარგული წლების ანაზღაურებას ცდილობენ და ხშირად სიძულვილი უჩნდებათ ყველაფრის – ცეკვის, ხატვის, ფორტეპიანოს, ბიოლოგიის , მათემატიკის თუ სხვა დანარჩენის მიმართ, რასაც ბოლო ათი წლის მანძილზე დაჟინებით აძალებდნენ. ლომების მეუღლეები უნდა შეეცადონ მეორე ნახევრის ინიციატივები მოთოკონ და ბავშვს უფლება მისცენ თავად აირჩიოს ცხოვრებისეული მიზნები და ინტერესები.
ქალწული – ეს არის მშობელი მფარველი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შვილს ცხოვრება გაუმარტივოს და ყურადღება არ მოაკლოს. მათ შეუძლიათ საათობით უდარაჯონ საწოლთან შვილს, თუ მცირედი ეჭვი მაინც აქვთ, რომ ბავშვი შეიძლება ავად იყოს. ქალწულები უამრავ ვალდებულებას აიღებენ საკუთარ თავზე, ოღონდ ბავშვი არ დაიღალოს. ხანდახან ასეთი მიდგომა უკიდურესად მავნებელია, რადგან ბავშვი შეიძლება დამოუკიდებელ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდეს და ცხოვრებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყოს. თუმცა ხშირად ქალწულები ბავშვის აღზრდას უფრო გაცნობიერებულად უდგებიან და ყველაფერს ასწავლიან, რაც შეიძლება ცხოვრებაში დაჭირდეს. ადრეულ წლებში შეძენილი სასარგებლო და ეფეტური უნარები საბოლოოდ ბავშვს მართლაც შეიძლება გამოადგეს და მშობელს მადლობაც უთხრას ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ქალწული მშობლები მკაცრი დიქტატორები არიან, რომლებიც ბავშვის წინააღმდეგობას ვერ იტანენ. თუ თქვენი მეუღლე ქალწულია, მშვიდად იყავით – ბავშვი სანდო ხელშია. ერთადერთი, უნდა აკონტროლოთ, რომ ქალწული უკიდურესობაში არ ჩავარდეს სიმკაცრისა და ზრუნვის გამოვლენისას.
სასწორი
სასწორები შესანიშნავი მშობლები არიან და ისევე როგორც ყველაფერში და ყოველთვის, შვილებთან ურთიერთობაშიც ჰარმონიას ესწრაფვიან. თუ სასწორი ნაცნობი გყავთ, მის მაგალითზე შეგიძლიათ ადვილად დარწმუნდეთ, რამდენად სასიამოვნო გარემოა მათ სახლში და რამდენად კარგად არის აწყობილი თაობებს შორის ურთიერთობა. სასწორი მეორე მშობლისთვის ერთგვარი გამტარია, რომელსაც შეუძლია ბავშვის ენიდან ზრდასრულის ენაზე გადათარგმნოს ყველაფერი, ნებისმიერ კონფლიქტში და ჩხუბში კომპრომისი მოძებნოს და იდეალური დასვენება დაგეგმოს, რომელიც ოჯახის ყველა წევრს დააკმაყოფილებს. თუ თქვენი მეუღლე სასწორია, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ დროს თქვენი შვილი რამე საინტერესო საქმით იქნება დაკავებული, ჩაცმულ–დახურული, გამოკვებილი და ბედნიერი. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ შესანიშნავ ურთიერთობებს შვილებთან.
მორიელი
მორიელებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ, რომელმაც შესაძლოა ბავშვებთან ურთიერთობაში გამოუცდელობა და აღზრდაზე ელემენტარული წარმოდგენის არქონაც კი დააკომპენსიროს. უბრალოდ თავისი არსებობითაც კი ამ ზოდიაქოს ნიშნები ბავშვებზე არაჩვეულებრივ გავლენას ახდენენ – ერთის მხრივ ეს გავლენა მათ ამშვიდებს, მეორეს მხრივ კი ბავშვის დაინტერესებას იწვევს. ერთადერთი, რაც მორიელსა და ბავშვს შორის ურთიერთობას აფუჭებს, ის არის რომ თავად მორიელს ბავშვთან დროის გატარება ნაკლებად აინტერესებს. მორიელს ბავშვთან ურთიერთობა მალე ბეზრდება, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვს, ერთობლივ საქმიანობას კი მორიელის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და ბავშვის წამოზრდასთან ერთად გაივლის. მორიელები შესანიშნავი დამრიგებლები არიან. შეიძლება გატაცებით დაინტერესდნენ იმით, რომ საკუთარი შვილი რამე საქმეს ან სფეროს აზიარონ. მორიელების მეუღლეებს საკუთარ თავზე ბევრი მოვალეობის აღება მოუწევთ, რათა მორიელებს მეტი დრო დარჩეთ სხვა საქმეებისთვის.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი აღზრდის საკითხებში უშუალოა. მას არ აქვს სხვა ბევრი ნიშნისთვის დამახასიათებელი ემოციები ბავშვების მიმართ. ბავშვი მათთვის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც არ ღირს ყოველ წუთას ყურადღება დაუთმო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უპასუხისმგებლო და გულგრილი მშობლები არიან. მშვილდოსნის ინტერესი ბავშვის გაზრდასთან ერთად იზრდება. ასე რომ იმ მომენტისთვის, როცა ბავშვი საკუთარი აზრების გასაგებად ჩამოყალიებას ისწავლის, დიდია ალბათობა, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. მშვილდოსანი თავადაც ბავშვია, რომელსაც ნებისმიერ ავანტიურაში ჩართვა შეუძლია. მშვილდოსნის ცოლს თუ დაელაპარაკებით, ის სავარაუდოდ არაერთ ისტორიას მოგიყვებათ, როგორ მოიფიქრეს მისმა ქმარმა და შვილმა ერთობლივად რაღაც სისულელე, მერე მთელი სერიოზულობთ ჩაერთნენ მის კეთებაში, შემდეგ კი შედეგს დიდხანს განიხილავდნენ. მშვილდოსნის მეუღლეებს მოთმინება და აღზრდის საკითხების საკუთარ თავზე აღება მართებთ. სხვას ვერაფერს შეცვლიან, რადგან მშვილდოსანი აიძულო მისთვის უინტერესო საქმეში ჩაერთოს პრაქტიკულად შეუძლებელია.
თხის რქა
თხის რქებს შორის ისეთებსაც შეხვდებით, რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვამენ ბავშვებს და ისეთებსაც, რომლებიც მათ უბრალოდ აღმერთებენ. მეორე პოზიცია თხის რქებში ბევრად უფრო გავრცელებულია, ასე რომ სწორედ მას მივაქცევთ ყურადღებას. თხის რქები ბავშვის აღზრდას კონსტრუქციულად და თანმიმდევრულად უდგებიან. ყოველთვის გაწონასწორებულად იქცევიან, ცდილობენ შვილები იმით უზრუნველყონ, რაც მათ მართლაც ჭირდებათ, თანაც ცდილობენ საუკეთესო შეარჩიონ, რომ სხვებს შეშურდეთ. თხის რქა ბავშვს უამრავ წრეზე და სკოლაში არ ატარებს. ამოირჩევს ერთს, ოღონდ ელიტურს და ისეთს, სადაც მის შვილს საუკეთესო ცოდნას მისცემენ, რომლითაც გარშემო ყველა თანატოლს აჯობებს.
მერწყული
მერწყულებს შორის ხშირად შეხვდებით ისეთებს, რომლებიც სულ თავის შვილზე ლაპარაკობენ და სულ თან დაატარებენ. მერწყულები უკვე წამოზრდილ ბავშვსაც არ უშვებენ უმეთვალყურეოდ არსად და სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ შვილის ცხოვრება. თუმცა ეს მომეტებული ზრუნვა სულაც არ ნიშნავს, რომ მერწყულის ცხოვრებაში შვილის დაბადებამ გლობალური ცვლილებები მოახდინა და სხვა ყველაფერი დაავიწყა. თუ რომელიმე თქვენმა ახლობელმა როკ კონცერტზე ორი თვის ბავშვი წამოიყვანა, სავარაუდოდ ის მერწყულია. მათი შვილები ადვილად აკოპირებენ მშობლის თვისებებს და გატაცებებს და მათი სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხდებიან. მერწყულები შვილებისთვის ყველაზე ლამაზ ტანსაცმელს არჩევენ, კითხულობენ აღზრდის შესახებ პოპულარულ ლიტერატურას და როგორც წესი, მათი წვლილი ბავშვის განვითარებაში დადებით შედეგს იძლევა. მერწყულების მეუღლეებმა საერთო ჰარმონიის შესანარჩუნებლად იგივე ინტერესები უნდა გაიზიარონ, თუმცა მაინც თვალყური ადევნონ, რომ ეს ყველაფერი გონივრულობის ფარგლებს არ გასცდეს.
თევზები
ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, ბავშვების აღზრდაშიც თევზები უკიდურესობებით გამოიჩრევიან. მათ შეძლიათ უკანასკნელი გროში გაიღონ რომ ძვირფასი და სრულიად უსარგებლო ნივთი შეუძინონ შვილს, ან კიდევ სიმკაცრე და სიჯიუტე გამოიჩინონ და ბავშვს იაფფასიანი, მაგრამ საჭირო ნივთი არ უყიდონ, რომ “არ გაანებივრონ“. თევზების მშობლური სტრატეგია იმას ეფუძნება, რაც მათ თავად გამოსცადეს ბავშვობაში. ამასთან, მთავარი მოტივი საკუთრი მშობლების შეცდომების არგამეორებაა. მაგალითად, თუ თევზები ბავშვობაში გრძნობდნენ, რომ მათთვის არასაკმარისად ლამაზ ტანსაცმელს ყიდულობდნენ, მათ შვილს უზარმაზარი გარდერობი ექნება ულამაზესი ტანსაცმლით და პირიქით. თევზებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და მათ მაგალითზე თავადაც დარწმუნდებით, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შვილში საკუთარ თავს ხედავენ პატარაობისას და ცდილობენ მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ.