{{ARTICLEIMAGE}}
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოჭიდავეთა ნაწილი მოითხოვს. ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ფედერაციაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა ლუკა კურტანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მეგობრების შესარიგებლად ყველაფერს გააკეთებს.
“მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არავის მისცემს უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს, ან ფედერაციას მუშაობის საშუალებას არ მიეცეს, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო ფედერაციასთანაც. ზურა და გიორგი ჩემი მეგობრები არიან – ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ძმებს შორის ურთიერთობების დარეგულირება სურს, ასეთ ადამიანად მიგულეთ. ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ მოხდეს შერიგება და ეს იყოს ერთიანი ოჯახი”,განაცხადა კურტანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. ამავე საღამოს მისი დაკავება სპორტსმენთა ნაწილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებით გააპროტესტა. კომენტარი გააკეთა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც.
“ჭიდაობაც ძალადობაა. რომ ვეჭიდავები, მეც ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე, მე ქულას ვერ ავუღებ. ყველაფერი ხდება. ხშირად მომხდარა ასეთი სიტუაციები. ასეთი ფორმა არასდროს მიუღია. დღეს რომ აქ ვდგავართ, ძალიან საწყენი და სამარცხვინოა. ფედერაციაც მოჭიდავეა და მოჭიდავეც მოჭიდავეა. მამასა და შვილს შორის ხდება კონფლიქტი. შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს”, განაცხადა საქართველოს ჩემპიონმა 65 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
გეგა გეგეშიძის გათავისუფლება ასევე მოითხოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც დუშეთში მიმდინარე საწვრთნელი შეკრება შეწყვიტა.
“წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. 2019 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება იწყება და მაქსიმალურად კარგად მომზადებულები და კონცენტრირებულები უნდა შევხვდეთ. უკვე დავიწყეთ ერთობლივი ვარჯიშები, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისში დავბრუნებულიყავით და ქართული საჭიდაო ოჯახის ხელმძღვანელის გვერდით დავმდგარიყავით. ნაკრების წევრები მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოუშვან დაკავებული გეგა გეგეშიძე და მოგვცენ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების საშუალება”, განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.