რომის პაპმა პედოფილია ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალს შეადარა და პედოფილ მღვდლებს “სატანის იარაღი“ უწოდა.ეს განცხადება პონტიფიკმა დახურულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის პრობლემას ეძღვნებოდა.პაპმა ამ მოვლენასთან საბრძოლველად კონკრეტული ზომების მიღების პირობა დადო და აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი საქმე მთელი სერიოზულობით განიხილება.
“როცა ამაზე ვფიქრობ, თავზე მომდის სასტიკი რელიგიური რიტუალები, რომლებიც ოდესღაც ზოგიერთ კულტურაში ფართოდ იყო გავრცელებული – ადამიანის, ხშირად ბავშვების მსხვერპლშეწირვის წარმართული რიტუალები.“– განაცხადა მან. ამავე დროს რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ფართოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა “ყველა საზოგადოებაში და კულტურაში.“
მედია, რომელიც ამ ღონისძიებას აშუქებდა აღნიშნავს, რომ რომის პაპი საკმაოდ ზოგადად საუბრობდა. არადა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მათი ოჯახები პედოფილიასთან ბრძოლაში კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან.
ფოტოზე: აქტივისტები პედოფილი მღვდლების დასჯას ითხოვენ.
სავარაუდოდ ახლო მომავალში ვატიკანი სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს, როგორ მოხდება იმ განცხადებების განხილვა, რომლებიც მღვდლების მხრიდან მათი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და ბავშვების სექსუალურ გარყვნას ეხება.
პაპმა ფრანცისკმა ხაზი გაუსვა, რომ გარყვნილების მსხვერპლ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ, ეპისკოპოსებს კი მკაფიო ინსტრუქციები დაურიგდებათ, რომელიც სავალდებულო შესასრულებელი იქნება.
რომის პაპმა პირობა დადო, რომ პედოფილიის შემთხვევების მიჩუმათება აღარ მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება.
“არანაირი გამართლება არ აქვთ მათ, ვინც საკუთარ მდგომარეობას ბავშვების მიმართ ბოროტად იყენებს. მცირეწლოვანთა უხმო ტირილის ექო, რომლებიც სულიერი მამებისა და მოძღვრების ნაცვლად მწამებლებს შეეჩეხნენ, გაალღობს პირფერობით და ძალაუფლებით გაქვავებულ გულებს. ჩვენ უბრალდ ვალდებული ვართ ყური ვუგდოთ ამ უხმო, ჩახშობილ ყვირილს“– განაცხადა პაპმა.
2013 წელს არჩეული რომის პაპი თავიდანვე გამოდიოდა ამ მოვლენასთან ბრძოლის მოწოდებით. თუმცა ბევრი თვლის, რომ მან საკმარისად ეფექტური ზომები არ მიიღო იმ ეპისკოპოსების დასასჯელად, ვინც პედოფილიის შემთხვევებს აჩუმათებდა.
ათწლეულების მანძილზე სავარაუდოდ ათასობით ადამიანი გახდა მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ეს ადამიანები ვატიკანს მოუწოდებენ მიიღოს ისეთი წესები, რომლებიც არასრულწლოვანებს დაიცავს.