რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა

რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი “მსოფლიოს მფარველი ანგელოზის” მედლით დააჯილდოვა. როგორც რუსული მედია იუწყება მედალი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავს ეძღვნება. მედალზე პაპ პია XII-ის ციტატა წერია :”არაფერია დაკარგული მშვიდობასთან ერთად. ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ომით”.

გადაცემა : “საუბრები რელიგიაზეს” ავტორი ლევან სუთიძე პაპის მიერ გადაცემული მედალს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება

“ტყუილია, რომ პაპმა პუტინი მშვიდობის მედლით დააჯილდოვა. ეს მედალი, რომელიც პაპმა პუტინს აჩუქა, ამ უკანასკნელის სახელმწიფო ვიზიტისას ვატიკანში, საჩუქრების გაცვლისას – არის არა ჯილდო, ორდენი ან რაიმე მსგავსი – არამედ მედალი, რომელიც გამოიცა მისი პონტიფიქატის მეექვსე წლისთავზე და ეძღვნება მსოფლიო ომის დასრულებას. არსებობს მრავალგვარი მედალი, რომელიც ვატიკანის სტუმრებს ურიგდებათ. ამ კონკრეტულ მედალს პაპ პიუს მეთორმეტის ციტატა ამშვენებს: “არაფერია დაკარგული მშვიდობასთან ერთად. ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ომით”.პაპის საჩუქარი პუტინისთვის ჯილდო კი არა, ქვეტექსტი და მშვიდობისკენ მოწოდებაა. არავითარი დაჯილდოების ცერემონია არ ყოფილა. ნუ ავრცელებთ პესკოვის პროპაგანდას.

პ.ს მაინც დავაზუსტებ, რომ როგორც ქართველ კათოლიკეს, არავითარი სიმპათია მოქმედი პონტიფექსის მიმართ არ გამაჩნია. მეტიც, თუ ვინმე ფრანცისკეს კრიტიკოსია, პირველ რიგში, მე. როცა გასალანძღი იქნება, გაილანძღება. უბრალოდ, რაც ტყუილია, ტყუილია.”- წერს სუთიძე ფეისბუქ გვერდზე. 

ინტერფაქსი, ასევე, წერს, რომ მედლის გარდა პაპმა პუტინს გრავიურა აჩუქა, რომელზეც წმინდა პეტრეს მოედანია გამოსახული. მათი ინფორმაციით, პაპმა პუტინს უთხრა: “იმისთვის, რომ რომი არ დაგავიწყდეთ”. პუტინმა კი პაპს მოციქულ პეტრესა და პავლეს ხატი აჩუქა .

რომის პაპი და პუტინი ერთმანეთს ვატიკანში 4 ივლისს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მათი საუბარი ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც საჩუქრები გაცვალეს.