საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ეუთოს კრიტიკულ დასკვნას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის საინტერესო არ არის ამ ორგანიზაციის ეჭვები, როდესაც საქმე ეხება მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებულ პროგრამას.
პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ჭარბვალიანობის შესახებ მთვრობის ინიციატივის კანონიერება პროკურატურამაც დაადგინა და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს.
აკაკი ზოიძის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნაში ევროპარლამენტის ანგაჟირებული წევრების მიერ დაწერილი ტექსტის ასახვა მოხდა.
“ჩემი ღრმა რწმენით, ყველა პოლიტიკური, სოციალური დაპირება, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის პარტია გასცემს, შეიძლება, მოსყიდვად ჩაითვალოს. საქართველოში სულ არჩევნებია, მაშინ ინიციატივას ვერ გააჟღერებ. ანუ მაგის მიხედვით ვიცხოვროთ – ე მანდ რამე კარგი სოციალური აქცია არ დავაანონსოთ”,ამბობს პარლამენტის წევრი.
“ყველა ქვეყანა ამას აკეთებს, რომის პაპზე მეტ კათოლიკეობას ნუ მოგვთხოვენ. რეალურად, ყველა მთავრობა ამას აკეთებს – ობამა ქეარ აბა რა არის?! პროგრამაში ეწერა და განვახორციელეთ.
სულ არ მაქვს იმის ინტერესი, დავარწმუნო ეუთო, რამდენად კარგი აქცია იყო ეს. სამართლებრივი დარღვევა აქ არ ყოფილა. როდესაც სამართლებრივი დარღვევა არ არის, არ გვაინტერესებს, ვის რა ეჭვი ექნება. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სიკეთე, ვიდრე ევრო თუ ეუთოს პარლამენტარების ეჭვები”, თქვა ზოიძემ “ტვპირველის” გადაცემა დღის ამბებში.
რაც შეეხება ეუთო-ს ანგარიშს, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს მიეძღვნა, დასკვნაში საუბარია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ გამოცხადებულ სოციალურ პროექტებზე, რაც შესაძლოა, შეფასდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებად და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი პროექტი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოქვეყნებამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ამ კონტექსტში მოხსენიებულია 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, რაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროს რესპონდენტების მიერ შეფასდა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.