როსკომნადზორმა BBC–ს ტელეარხის და ვებგვერდების შემოწმება დაიწყო

ბრიტანეთის სანქციებს რუსული ტელეარხის წინააღმდეგ რუსეთი BBC–ს შემოწმებით პასუხობს

{{ARTICLEIMAGE}}

როსკომნადზორმა გადაწყვიტა შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება ბრიტანული ტელეარხის, BBC–ს და მისი ვებგვერდების მასალები რუსულ კანონმდებლობას.რუსეთის მედიარეგულატორმა BBC–ს შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრიტანულმა  მედიარეგულატორმა, Ofcom–მა რუსული ტელეარხის, Russia Today- ს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების  მიერ მიუკერძოებლობის სტანდარტების დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. ბრიტანულმა რეგულატორმა შვიდი დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება 2018 წლის 17 მარტიდან 26 აპრილამდე პერიოდს. გადაწყვეტილებას საჯარიმო სანქციების შესახებ რეგულატორი მას შემდეგ გამოიტანს, რაც რუსული ტელეარხის პასუხს შეისწავლის.

 

“შვიდი დარღვევა მეტყველებს ჩვენი მაუწყებლობის სტანდარტებთან სერიოზულ შეუსაბამობას. ჩვენ შევატყობინეთ ტელეარხს, რომ განვიხილავთ კანონით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს. Ofcom –ს შესაძლო სანქციების რამდენიმე ვარიანტი აქვს. ნებისმიერი სანქცია, რომელსაც ჩვენ დავადგენთ სრულიად სამართლიანი და აღმოჩენილი დარღვევების პროპორციული იქნება “ – ნათქვამია გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ბრიტანელი რეგულატორის მიერ საქმის წარმოების დაწყების მიზეზი მაყურებელთა საჩივრები და საკუთარი მონიტორინგის შედეგები გახდა.საპასუხოდ რუსულმა ტელეარხმა განაცხადა, რომ Ofcom–ის გადაყვეტილებით გულდაწყვეტილია

“ჩვენ დიდ ბრიტანეთში ბრიტანული კანონებით ვმაუწყებლობთ და ყოველთვის ვცდილობთ მათ დაცვას. როგორც ჩანს Ofcom მა მხედველობაში არ მიიღო ჩვენს მიერ მოკვლევისას წარდგენილი არგუმენტები. რეგულატორი არასაკმარის ყურადღებას უთმობს არხის კანონებს და მის მაყურებლებს “ – ნათქვამია რუსული ტელეარხის პრეს–სამსახურის გადაწყვეტილებაში.

როსკომნადზორმა საპასუხო ნაბიჯი არ დააყოვნა და დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანული ტელეარხის, BBC–ს შემოწმებას იწყებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარია ზახაროვა თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ რუსული მხარე არაერთხელ აფრთხილებდა ბრიტანეთს შესაძლო საპასუხო ნაბიჯის შესახებ.

“დიდი ხანია დროა. გულწრფელად ვწუხვარ ბი–ბი–სის ჟურნალისტების გამო, რომელთაგან ბევრი ნამდვილი პროფესიონალია და გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობებს. მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის უხეში ჩარევა რუსული მედიის საქმიანობაში, მუდმივი პროპაგანდა ტელეარხ RT –ს წინააღმდეგ, ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობა და ა. შ. სხვა გზას აღარ გვიტოვებს, გარდა საპასუხო ნაბიჯისა“ –წერს ზახაროვა.

ბიბისი-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბიბისი აუდიტორიას დამოუკიდებელ ინფორმაციას აწვდის და ადგილობრივი კანონმდებლობის ყველა ნორმას იცავს.ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ცნობილი როსკომნადზორის მიერ ბრიტანული ტელეარხის შემოწმების შედეგები.